Accessibility links

site logo site logo

კოსოვო შემოიღებს სასჯელს სერბეთის სამხედრო დანაშაულთა უარყოფისათვის


კოსოვოს ვიცე-პრემიერი ენვერ ჰოჯაი

კოსოვო აცხადებს, რომ შემოიღებს სასჯელს სერბეთის ჯარების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების უარყოფისათვის. ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას ბელგრადსა და პრიშტინას შორის.

კოსოვოს ვიცე-პრემიერმა ენვერ ჰოჯაიმ 12 აპრილს განმარტა, რომ ეს იქნება სასჯელი „კოსოვოელი სერბების მსგავსი განცხადებებისათვის“.

ნათელი არ არის, რა შინაარსის იქნება კანონპროექტი, ან როდის განიხილავს მას კოსოვოს პარლამენტი.

ინიციატივის შესახებ განცხადებამდე ორი დღით ადრე სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა „ფალსიფიცირებული“ უწოდა 1999 წელს 45 კოსოვოელი სამოქალაქო პირის დახოცვის შესახებ საერთაშორისო გამოძიების დასკვნებს.

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა რამუშ ჰარადინაიმ გააკრიტიკა ვუჩიჩის განცხადება, რომელსაც უწოდა „სერბული ნაციონალიზმის სახიფათო რეალობის“ მაგალითი. „შერიგება ვერ მოხდება წარსულის შესახებ სიმართლის აღიარების გარეშე“, დაწერა ჰარადინაიმ ტვიტერში.

სერბი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 1999 წელს პრიშტინის სამხრეთ-დასავლეთით ბრძოლებში მონაწილეობდნენ კოსოვოს გათავისუფლების არმიის მეომრები.

იქ მომხდარი სისხლისღვრა გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ნატომ ავიადარტყმები მიიტანა სერბეთის ჯარებზე.

კოსოვოში კონფლიქტმა 13 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG