Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პომპეო რუსეთს მიიჩნევს „მტრულ ძალად“ ვენესუელაში


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მკაცრად აკრიტიკებს ვენესუელის მიმართ რუსეთის პოლიტიკას. მისი აზრით, რუსეთი მოქმედებს, როგორც „მტრული ძალა“, რადგან ეწინააღმდეგება ვენესუელის კანონიერი ხელისუფლების ნებას.

პუერტო-რიკოს ტელეარხ "მეგაTV"-თან ინტერვიუში, პომპეომ „ინტერვენცია“ და „აშკარა პროვოკაცია“ უწოდა ვენესუელაში რუსი სამხედრო მოსამსახურეების გადასროლას.

აშშ ვენესუელის კანონიერ პრეზიდენტად აღარ ცნობს ნიკოლას მადუროს, რომელსაც კვლავაც მხარს უჭერს რუსეთი მაშინ, როცა ვაშინგტონი ვენესუელის ლიდერად აღიარებს პარლამენტის თავმჯდომარეს, ხუან გუაიდოს.

პომპეო აცხადებს, რომ აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ხელი შეუწყოს ძალისხმევას მედუროს გადასაყენებლად და ვენესუელაში „დემოკრატიის აღსადგენად“. სახელმწიფო მდივანი არ გამორიცხავს, რომ საამისოდ საჭირო გახდება „სამხედრო ზომების“ მიღება.

პომპეო სამი დღით მოგზაურობს ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ტურნეს ერთ-ერთი მთავარი თემაა ვითარება ვენესუელაში. ლათინური ამერიკის ქვეყნების დიდი ნაწილი გუაიდოს აღიარებს სახელმწიფოს კანონიერ ლიდერად.

გასულ თვეში 100-მდე რუსი სამხედრო ჩავიდა ვენესუელაში. მოსკოვისა და კარაკასის განმარტებით, ისინი მონაწილეობენ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების რეალიზებაში. არ ყოფილა საუბარი რუსეთის სამხედრო ბაზის შექმნაზე, მაგრამ აშშ-მა მაინც მკაცრად გააკრიტიკა მოსკოვის ნაბიჯი.

თავის მხრივ, ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა მადუროსთან დაახლოებულ პირებსა და ქვეყნის მსხვილ კომპანიებს.

XS
SM
MD
LG