Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში, სავარაუდოდ, ისრაელმა მოაწყო საჰაერო დარტყმა სამხედრო ობიექტზე


ცენტრალურ სირიაში მდებარე სამხედრო ობიექტზე, სავარაუდოდ, ისრაელმა მოაწყო საჰაერო დარტყმა, რომლის შედეგადაც დაიჭრა ექვსი ჯარისკაცი და დაინგრა რამდენიმე შენობა. ამის შესახებ იუწყება სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანა“.

„სანას“ ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერიში მიმართული იყო სამხედრო აკადემიის წინააღმდეგ ჰამის პროვინციის ქალაქ მასიაფთან.

ხოლო ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ იუწყება, რომ ისრაელის ავიადარტყმები მიმართული იყო სამი ობიექტის წინააღმდეგ და დაიჭრა 17 სირიელი ჯარისკაცი. ამავე წყაროს თანახმად, არიან დაღუპულებიც, მაგრამ ჯერ ცნობილი არ არის, რამდენი.

ისრაელის სამხედრო წარმომადგენლები უარს ამბობენ კომენტარზე. ისრაელი, ჩვეულებრივ, არ აკეთებს ხოლმე კომენტარს ცნობებზე მეზობელ სირიაში საჰაერო დარტყმების შესახებ. თუმცა, ბოლოხანს მან აღიარა, რომ განახორციელა საჰაერო ოპერაცია სირიაში ირანის პოზიციების წინააღმდეგ.

ირანი არის სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ახლო მოკავშირე და მის ქვეყანაში გაგზავნილი ჰყავს სამხედრო მრჩევლები, ისევე როგორც ათასობით მებრძოლი რვა წლის წინ დაწყებულ სამოქალაქო ომში მმართველი რეჟიმის დასახმარებლად.

XS
SM
MD
LG