Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტვიტერსა და ფეისბუკს ცხრა თვე მისცეს რუსეთის მოთხოვნის შესასრულებლად


რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა სააგენტომ, „როსკომნადზორმა“ ცხრა თვე მისცა ტვიტერსა და ფეისბუკს საიმისოდ, რომ რუსეთის სერვერებზე გადაიტანონ ინფორმაცია რუსი მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებზე.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, „როსკომნადზორის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრ ჟაროვმა გამოთქვა იმედი, რომ კომპანიები შეასრულებენ რუსეთის კანონს მონაცემთა დაცვის შესახებ და საჭირო არ გახდება მათი საიტების დაბლოკვა.

რუსეთსა და ბევრ სხვა ქვეყანას მიღებული აქვთ კანონები, რომლებიც ითვალისწინებს კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დატოვებას ამავე ქვეყანაში. სოციალური მედიის გიგანტური კომპანიები აკრიტიკებენ ასეთ შეზღუდვებს.

რუსეთში 2015 წლის სექტემბერში მიღებული კანონით, ადგილობრივმა და უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის სერვერებზე უნდა შეინახონ ინფორმაცია რუსეთის მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემებზე, ხოლო „როსკომნადზორს“ უფლება ეძლევა, დააჯარიმოს კანონის დამრღვევები.

2016 წლის ნოემბერში „როსკომნადზორმა“ დაბლოკა ვებპორტალი „ლინკდინი“, ხოლო წელს იანვარში გამოაცხადა, რომ დაიწყო ადმინისტრაციული პროცედურა ტვიტერისა და ფეისბუკის მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG