Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა შეცვალა დონბასის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "კურატორი"


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეცვალა იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც კურირებდა ე.წ. დონბასის სახალხო რესპუბლიკას და საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებს- სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს. ოლეგ გოვორუნის მაგივრად ახალი ბრძანებით დაინიშნა ალექსეი ფილატოვი.

უწყების ახალი ხელმძღვანელი მანამდე ცხინვალთან - სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან ურთიერთობების საკითხებით იყო დაკავებული. შარშან ფილატოვი უწყების ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობისას დაკავებული იყო ე. წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკით“ („დსრ“) და ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკით“ („ლსრ“).

ადრე „კომერსანტი“ იტყობინებოდა, რომ მოსალოდნელი იყო ამ უწყების ხელმძღვანელის, ოლეგ გოვორუნის გადაყენება. გოვორუნი ითვლება რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან, ვლადისლავ სურკოვთან დაახლოებულ პირად. სურკოვი კრემლში უკრაინის საკითხებს კურირებს.

საზღვრისპირა თანამშრომლობის უწყება - ესაა "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის" წევრებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის ყოფილი უწყება. შარშან ვლადიმირ პუტინმა მისი რეორგანიზაცია მოახდინა და შტატი შეამცირა. მაგრამ ახალმა უწყებამ, როგორც იუწყებიან, განაგრძო აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტების კურირებაც. კრემლთან ახლოს მდგომ მასმედიაში უკანასკნელ ხანებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი „დსრ“-სა და „ლსრ“-ში აპირებს უკრაინული პასპორტების გაცემას. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ გეგმის შესახებ არაფერი იცის.

XS
SM
MD
LG