Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე იმსჯელებენ

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის გაგრძელებამდე დღეს, 18 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეიკრიბება.

უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესახებ შეაჯერებს პოზიციებს. გავრცელებული ინფორმაციით, სხდომას დაესწრება პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

„საკითხების ნაწილი, რომელზეც პოზიციები ჯერ არ არის შეჯერებული, იქნება განხილული დღეს უმრავლესობის სხდომაზე. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი საკითხი არის, სადაც ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ დავუბრუნდეთ განხილვას, დამატებით განვიხილოთ ის კრიტერიუმი, სადაც იურისტის მაღალი კვალიფიკაცია და გამოცდის ჩაბარების საკითხი წერია ერთდროულად.

მათ გვთხოვეს კიდევ ერთხელ განვიხილოთ არის თუ არა ორი კომპონენტის შეტანა ერთ კრიტერიუმში საჭირო და ამაზე ჩვენ პოზიციას დღეს უკვე უმრავლესობის სხდომის შემდეგ დავაფიქსირებთ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობა 10 საათისთვის შეიკრიბება.

უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, 12 საათზე დეპუტატები პარლამენტის სხდომათა დარბაზში გადაინაცვლებენ, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტს დეპუტატები კენჭს 19 აპრილს უყრიან.

XS
SM
MD
LG