საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი საკვალიფიკაციო გამოცდას კომპეტენციის დადასტურების სერიოზულ ფილტრად მიიჩევს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის გამოცდის მოხსნის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
„რასაკვირველია, საზოგადოებისთვის უკეთესი გასაგები იქნება იმ მოსამართლის კომპეტენცია, რომელიც გაივლის გამოცდას, მაგრამ თუკი ამას დაემატება სხვა კომპეტენციის გარკვეული მოთხოვნები, მზად ვარ, რომ ეს პოზიცია დავთმო, თუმცა, ეს იქნება გუნდის პოზიციისთვის ანგარიშის გაწევა და არა ჩემი ბოლომდე დარწმუნება ამ საკითხის სისწორეში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მან კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებითაც, რა პოზიციაზეა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით:
„ბიძინა ივანიშვილს თავის პოზიცია აქვს ჩამოყალიბებული ერთ მთავარ პრინციპზე, რომ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის მოსაზრებები და წინადადებები მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ, მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვოლსკიმ.