Accessibility links

site logo site logo

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები დირექტორის წინააღმდეგ გამოდიან


აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი დირექტორის, ნათია კაპანაძის წინააღმდეგ გამოდის. 18 აპრილს გამართულ ბრიფინგზე მათ განცხადება გაავრცელეს, რომელსაც 103 თანამშრომელი აწერს ხელს.

მაუწყებლის თანამშრომლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ დირექტორის მმართველობასთან დაკავშირებით.

წერილი აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა თამილა დოლიძემ წაიკითხა:

“ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა საკმაოდ სოლიდური ნაწილი სრულად ემიჯნება ტელევიზიის სახელით გამოქვეყნებულ წერილს, სადაც ნათქვამია, რომ 11 აპრილს გაცხადებული, მაუწყებლის დირექტორის უნდობლობის საკითხი პოლიტიკური პროცესია და თურმე ის საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებას, სარედაქციო დამოუკიდებლობას, ან ეს არის დემოკრატიულ მედიაზე შეტევა.

ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით საკითხის ამგვარ ფორმულირებას, რადგან ყოველდღიურად ვხედავთ სინამდვილეში რა პროცესები მიმდინარეობს მაუწყებელში ბოლო პერიოდში. ჩვენ ვხედავთ მართვაში არსებულ ხარვეზებს, დირექტორის მხრიდან ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს და უსამართლო დამოკიდებულებებს თანამშრომლების მიმართ.

დიდი ხანია დაიწყო და მომწიფდა უკმაყოფილება და პრეტენზიები შრომის ანაზღაურების სამართლიან განაწილებასთან დაკავშირებით. დირექტორი იღებს არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებს, რაც ტელევიზიასა და რადიოს პირდაპირ აზარალებს, ასევე თანამშრომლებს უკარგავს მუშაობის მოტივაციას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ემსახურება ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძვირფას მონაპოვარს - სიტყვის თავისუფლებას! და ჩვენ ვსაუბრობთ ორგანიზაციიდან, სადაც დირექტორი უზღუდავს თანამშრომლებს მრჩეველთა საბჭოსთან ლაპარაკსაც კი! ამის დამადასტურებელი დოკუმენტი თუ სხდომებიდან ამოღებული ვიდეო მასალა გავრცელებულია სოციალურ პლატფორმებზე, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში უყურადღებოდ რჩება! ანუ ფუნდამენტური უფლება - სიტყვის თავისუფლება დარღვეულია საზოგადოებრივ მაუწყებელში!

ცალკეული პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პიროვნებების განწყობა კი, თითქოს აჭარის მაუწყებელს ყველაზე დემოკრატი დირექტორი ყავს, სინამდვილეში მხოლოდ იაფფასიანი პოპულიზმის გამოძახილია.

რაც შეეხება სარედაქციო დამოუკიდებლობას. აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნიდან დღემდე, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიდა იმ რეალობამდე, რაც დღეს გვაქვს და სარედაქციო დამოუკიდებლობა მხოლოდ ნათია კაპანაძის დამსახურება არ არის. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მიუკერძოებელი და ობიექტური გაშუქებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებში მანამდეც არაერთხელ მოხვდა და ჩვენ ვამაყობთ ამ შედეგით.

ჩვენ ნებისმიერი მენეჯმენტის პირობებში დავიცავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას და კანონით მონიჭებულ უფლებას გვქონდეს სარედაქციო დამოუკიდებლობა.

ვიმედოვნებთ, რომ მრჩეველთა საბჭო აღნიშნულ გარემოებებს გაითვალისწინებს და გააკეთებს თავისუფალ არჩევანს”, - წერია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღესვე, 18 აპრილს განცხადება გაავრცელა აშშ-ის საელჩომ საქართველოში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით:

“აშშ-ის საელჩომ, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ძლიერმა მხარდამჭერმა, მოიწონა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის (ODIHR), ევროკავშირისა და გაეროს მედიამონიტორინგის (EU-UNDP) ანგარიშებში ასახული აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის, როგორც მიუკერძოებელი მედიასაშუალების, ბოლოდროინდელი შეფასება. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მაუწყებლისა და მისი გენერალური დირექტორის, ნათია კაპანაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ტელევიზია და მისი ხელმძღვანელობა გააგრძელებენ დადებითი როლის შესრულებას საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარების საქმეში”.

აჭარის ტელევიზიის ხუთწევრიანი ბორდის ორმა წევრმა, ირაკლი დარცმელიძემ და გიგა ჩხარტიშვილმა ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი რამდენიმე დღის წინ დააყენა. მათი განცხადებით, დირექტორი მართვისას იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს, რაც უარყოფითად აისახა ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობასა და იმიჯზე.

ნათია კაპანაძის გადაყენების იდეის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ დირექტორთან დაპირისპირებული მხარის არგუმენტები არ არის საკმარისი იმპიჩმენტის საკითხის დასაყენებლად.

დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ, ხვალ, 19 აპრილს უნდა უყაროს კენჭი.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი დარჩა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG