Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი: ასეთი რამ აღარ უნდა მოხდეს სხვა პრეზიდენტის მიმართ


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის საჯარო განცხადებაში 18 აპრილს, აშშ-ის საგანგებო პროკურორის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ თქვა, რომ კარგი დღე აქვს, ვინაიდან შეთქმულება არ დადასტურდა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა არ ყოფილა.

ვაშინგტონში, ვეტერანებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე, ტრამპმა თქვა, რომ ასეთი რამ აღარ უნდა მოხდეს სხვა პრეზიდენტის მიმართ. მან მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს, რომლებსაც იძიებდა საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის გუნდი, სიყალბე უწოდა.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის დასკვნის შემოკლებული ვერსია 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე 18 აპრილს გამოაქვეყნა. 448 გვერდიანი ანგარიში ადრე გადაეცა გენერალურ პროკურორს, უილიამ ბარს, რომელმაც კონგრესისთვის მიწერილ წერილში განაცხადა, რომ ვერ მიაგნეს რუსეთთან შეთქმულების ფაქტებს დონალდ ტრამპის თანაგუნდელების მხრიდან.

ვაშინგტონში, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა განაცხადა, რომ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი მართლაც ცდილობდა ჩარევას, მაგრამ საგანგებო პროკურორის რობერტ მიულერის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ვერ მიაკვლია დასტურს, რომ შეთქმულებაში რუსეთის ხელისუფლებასთან, ან პეტერბურგის ინტერნეტ კვლევის სააგენტო ე.წ. „ტროლების ფაბრიკასთან“ ერთად მონაწილეობდა აშშ-ის რომელიმე მოქალაქე, მათ შორის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის რომელიმე წევრი.

ბარმა ამის შესახებ განაცხადა 18 აპრილს პრეს-კონფერენციაზე, რომელიც წინ უსწრებდა რობერტ მიულერის დასკვნის რედაქტირებული, შემოკლებული ვერსიის კონგრესისთვის გადაცემას და მის საჯაროდ გამოქვეყნებას.

საგანგებო პროკურორის გადაწყვეტილებით, საკითხი, იყო თუ არა ეს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, უნდა გადაეწყვიტა გენერალურ პროკურორს. ბარმა და მისმა მოადგილემ, როდ როზენსტაინმა გადაწყვიტეს, რომ ტრამპის საწინააღმდეგო მტკიცებულება არ არსებობს და არ წაუყენეს ბრალდება პრეზიდენტს.

მიულერის ანგარიშის შემოკლებულ ვერსიაში ჩანს, რომ ტრამპი ცდილობდა რუსეთის ჩარევის გამო დაწყებულ გამოძიებაზე გავლენა მოეხდინა და მიულერი ჩამოეშორებინა, რათა მართლმსაჯულებისთვის პრეზიდენტის მხრიდან ხელის შეშლის ბრალდების შესაძლო გამოძიებისთვის ხელი შეეშალა.

დოკუმენტში წერია, რომ 2017 წლის ივნისში, ტრამპმა დაავალა თეთრი სახლის ადვოკატს, დონ მაკგანს, მოქმედი გენერალური პროკურორის, ჯეფ სეშენსისთვის ეთხოვა რობერტ მიულერის განთავისუფლება, რადგან მას ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა. დასკვნა გვამცნობს, რომ ადვოკატმა უარი თქვა მოთხოვნაზე, გადაწყვიტა რა, რომ გადადგომა ერჩივნა, 1974 წელს უოტერგეიტის სკანდალის მსგავს ისტორიაში გახვევას.

დასკვნაში ასევე წერია, რომ ტრამპის ყოფილმა პირადმა იურისტმა, მაიკლ კოენმა განმეორებით ილაპარაკა თეთრ სახლის ადვოკატთან, სანამ ის აშშ-ის კონგრესს ყალბ ჩვენებას მისცემდა.

მიუხედავად ამ სამხილებისა, მიულერმა თავის ანგარიშში დაწერა, რომ მან ვერ შეძლო ცალსახად დაემტკიცებინა, რომ ტრამპმა დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა და მართლმსაჯულებას ხელი შეუშალა.

დასკვნა შეიცავს მიულერის შეკითხვებზე ტრამპის მიერ გაგზავნილ პასუხებს. ტრამპის იურისტთა ჯგუფთან შეთანხმებით, მათში არ შევიდა შეკითხვები მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის შესახებ.

ტრამპის პასუხის მიხედვით, 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს რუს ჰაკერებისთვის მისი თხოვნა, დაეხმარონ მას, მისი მეტოქე საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის პირადი სერვერიდან წაშლილი ელექტრონული წერილების მოძებნაში, „ხუმრობა და სარკაზმი იყო“.

ტრამპი მიულერს წერდა ასევე, რომ არ ახსოვდა ასეთი ფაქტი, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისთვის ეთქვათ რუსეთის მცდელობების შესახებ, გაეტეხათ ან შეეღწიათ დემოკრატი მეტოქეების საკომპიუტერო სისტემებში.

18 აპრილს მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა მიულერის დასკვნის გამოქვეყნების თაობაზე თქვა, რომ ეს ამბავი არ არის მნიშვნელოვანი. „ეს ჩვენი საქმე არაა. ეს არის არის თემა, რომელიც ან გვაინტერესებს, ან გვაშფოთებს, თქვა პესკოვმა, კრემლს უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმეები აქვს გასაკეთებელი“ დასძინა მან.

ანგარიშის შემოკლებული ვერსია მოამზადეს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებმა მხოლოდ მსაჯულთა ჟიურის წევრების პირადი მონაცემების დაცვის მიზნით. ამის თაობაზე ბარმა 18 აპრილს განაცხადა. გენერალური პროკურორის თქმით, ტრამპს რედაქტირებაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ამის უფლებამოსილება პრეზიდენტს გააჩნდა.

ბარმა ასევე განაცხადა, რომ თეთრი სახლი სრულად თანამშრომლობდა მიულერის გამოძიებასთან, მიუხედავად ტრამპის მხრიდან გამოძიების მიმართ კრიტიკისა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG