Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ჟვანია პატრიარქის ფონდში ბრუნდება


პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა ჟვანია, თანამდებობას დატოვებს და პატრიარქის ფონდში დაბრუნდება. განცხადება ამის შესახებ თავად ჟვანიამ გაავრცელა, ფეისბუკის გვერდზე.

ლაშა ჟვანიას განცხადების თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 1 მაისამდე იმუშავებს:

“ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა საიდან ვემსახურები ჩემს ქვეყანას, მაგრამ სჯობს იქედან, სადაც საკუთარი თავი ჯერ არ ამომიწურავს. მარტში მივმართე ჩემს რჩეულ პრეზიდენტს და მთავარსარდალს – მისი შეხედულებისამებრ, მისთვის ხელსაყრელ დროს გამათავისუფლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან. პრეზიდენტისთვის ხელსაყრელი დრო 1 მაისია. პირველი მაისიდან მე ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ვაგრძელებ მუშაობას ჩემს ტკბილ და ბრძენ პატრიარქთან” – წერს ლაშა ჟვანია.

ლაშა ჟვანიას თქმით, მისთვის ყველაზე მტკივნეული რეორგანიზაცია და ადმინისტრაციაში კადრების შემცირება იყო:

“რთული პერიოდი გავიარე ქვეყნის მეთაურთან ერთად; ახალი კონსტიტუციით განსაზღვრული პრეზიდენტის უფლებამოსილებებისა და საქმიანობის კალაპოტში ჩასმა, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებთან და მთლიანად, საზოგადოებასთან ურთიერთობების საფუძველის მოწყობა. ყველაზე მტკივნეული ჩემთვის რეორგანიზაცია და კადრების შემცირება იყო. ახლაც ვფიქრობ ზოგიერთ ძვირფას მოხელეზე, რომლებიც ადმინისტრაციამ დაკარგა”,– წერს ლაშა ჟვანია.

ლაშა ჟვანია მადლობას უხდის პრეზიდენტს გამოცხადებული ნდობისთვის.

„მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის ამ მაღალი და დიდი პასუხისმგებლობის მონდობისთვის. როგორც ადრე, არც მომავალში, ჩემი ეკლესიის ტკბილ მეთაურთან მუშაობის დროს, დავიშურებ ჩემს სიყვარულით სავსე, მართალ სიტყვას და თავდადებას ჩემი სახელმწიფოს მეთაურის მიმართ“,- ნათქვამია ლაშა ჟვანიას განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG