„ენერგეტიკის და გენერაციის ობიექტების მშენებლობა არის ჩვენი ენერგეტიკული სტრატეგიის ფუნდამენტური ნაწილი. მზის, ქარის და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გარეშე ჩვენი ეკონომიკის წინსვლა წარმოუდგენელია, ვინაიდან ეს ვერ უზრუნველყოფს ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებას“ - ამის შესახებ ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც დასმული კითხვის საპასუხოდ დღეს „ხადორი-3 ის მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესებს გამოეხმაურა.
„ჩვენი მთავარი მიზანი და სტრატეგია არის მოსახლეობასთან კომუნიკაცია, რათა კარგად იყოს განმარტებული, რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს თითოეული ჰესის მშენებლობამ ქვეყანას, კონკრეტულ რეგიონს და იქ მცხოვრებ თითოეულ ადამიანს. რაც შეეხება „ხადორი 3“-ს, ეს არის მცირე ჰესი, 5,4 მეგავატი სიმძლავრის, მას არ აქვს რეზერვუარი და არის მოდინებაზე, შესაბამისად, ეს არის სუფთა „მწვანე ენერგია“ და მას აქვს მინიმალური ზეგავლენა გარემოზე“ - აღნიშნა ჩიქოვანმა.