Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს


მთავრობის ადმინისტრაცია სპეციალური განცხადებით ეხმაურება პანკისში დღეს განვითარებულ მოვლენებს. გავრცელებული განცხადების თანახმად, ყოველგვარი სახის ძალადობასა და დესტრუქციულ ქმედებაზე ხელისუფლებას ექნება ადეკვატური, კანონით დადგენილი რეაგირება. განცხადებაში ასევე ლაპარაკია ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებაზე, როგორც ქვეყნის პრიორიტეტზე, რომლის დაცვაც უნდა განხორციელდეს გარემოზე ზემოქმედების ფაქტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით:

"სწორედ ამ ინტერესების გათვალისწინებით, დაიწყო შპს "ფერიმ" ახმეტის მუნიციპალიტეტში, მცირე ჰესის „ხადორი 3“ - ის მშენებლობა, რომლის დადგმული სიმძლავრე 5,4 მგვტ იქნება. დაგეგმილია მეორე მცირე ჰესის მშენებლობაც. ორივე ჰესის მიერ გამომუშავებული ელქტროენერგია 160 მლნ კვტსთ, ხოლო ჯამური ინვესტიცია - 40 მლნ აშშ დოლარზე მეტია, რაც ადგილობრივ ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესი კონტრიბუცია იქნება. საუბარია მცირე, მწვანე ჰესის მშენებლობაზე, რომელიც არ ითვალისწინებს დაგუბებას, სათავე ნაგებობის მშენებლობას, არ ეხება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს და მინიმალური გავლენა ექნება ეკოლოგიაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ჰესის მშენებლობასთან ერთად, კომპანიამ აიღო სოციალური პასუხისმგებლობა ხეობისა და ჰესის მიმდებარე დასახლებების სასარგებლოდ სოციალური პროექტები განახორციელოს. კერძოდ, პანკისის ხეობის, მოსახლეობა მიიღებს განახლებულ საგზაო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. რაც ნიშნავს იმას, რომ პროექტის განხორციელების ფარგლებში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ამასთან ადგილობრივი ბიუჯეტი რეგულარულად შეივსება გადასახადებით, რაც რეგიონის განვითარებასა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარდება, ასევე შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომლის პირდაპირ განკარგვა ადგილობრივი მოსახლეობის დაქვემდებარებაში იქნება".

განცხადების თანახმად, პრემიერ-მინისტრის დავალებით, პანკისის ხეობაში გაემგზავრნენ ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი.

"პროვოკაცია და ძალადობრივი ქმედებები, მათ შორის პოლიციის მიმართ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ხეობაში, კატეგორიულად მიუღებელია. მოვუწოდებთ ყველას, არ აყვნენ პროვოკაციას და თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ადგილზე სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს. ყოველგვარი სახის ძალადობასა და დესტრუქციულ ქმედებაზე ხელისუფლებას ექნება ადეკვატური, კანონით დადგენილი რეაგირება". - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG