Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: ყველა, ვინც ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონით აგებს პასუხს


"რა თქმა უნდა ყველა ის ადამიანი, რომელმაც ფიზიკურად იძალადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე, კანონის სრული პასუხისმგებლობით შესაბამისობაში აგებს პასუხს“,- განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობის მოსახლეობის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„მეორე - შევთანხდით, რომ კომპანიის წარმომადგენლები გააგრძელებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბარს და სანამ კონკრეტულ ზღვრულ რაოდენობას მხარდაჭერის არ მიაღწევენ, ისინი ამ ერთ კონკრეტულ შეთხვევაში გააგრძელებენ მათთან საუბარს. თუმცა აქ არის კიდევ რამოდენიმე სხვა პროექტი, რომელზეც აქტიურად დაიწყება მუშაობა“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ. მისივე განმარტებით, შეთანხმება მიღწეულია ასევე იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ხეობას დატოვებენ, თუმცა მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე დარჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს გაძლიერებული პოლიცია.

"​21 აპრილს ხეობაში მომხდარი შემთხვევა ძალიან მძიმე იყო, როგორც ხეობის მოსახლეობისთვის, ისე პოლიციისთვის. სამწუხაროდ მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო“, - განაცხადა მინისტრმა.

პანკისის ხეობაში დღეს პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოსახლეობა ხადორი3-ის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებდა. ვითარების ესკალაცია კი ხეობაში შსს-ს სპეციალური დანიშნულების დამატებით ძალების შეყვანას მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ხეობას უკვე ტოვებენ.

XS
SM
MD
LG