პანკისის ხეობის მცხოვრებლები ხეობაში დღეს, 21 აპრილს განვითარებული მოვლენებისას დაკავებული 2 პირის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა ნაწილმა სცადა სამთავრობო მანქანებისთვის გადაადგილების საშუალება არ მიეცა მანამ, სანამ დაკავებულები არ გათავისუფლდებოდნენ. ისინი მანქანებს წინ გადაუდგნენ, რასაც მცირე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა.
მთავრობის წევრებმა პანკისის ხეობა უკვე დატოვეს, ხეობას ეტაპობრივად ტოვებს სპეციალური დანიშნულების რაზმი და სპეცტექნიკა.ადგილზე რჩებიან დაცვის პოლიციის თანამშრომლები.
„რა თქმა უნდა ყველა ის ადამიანი, რომელმაც ფიზიკურად იძალადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე, კანონის სრული პასუხისმგებლობით შესაბამისობაში აგებს პასუხს“,- განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობის მოსახლეობის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პანკისის ხეობაში დღეს პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოსახლეობა ხადორი3-ის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებდა. ვითარების ესკალაცია ხეობაში შსს-ს სპეციალური დანიშნულების დამატებით ძალების შეყვანას მოჰყვა.