უკრაინაში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და ეგზიტ-პოლის შედეგების თანახმად, კომიკოსი მსახიობი, პოლიტიკაში ახლახან მოსული ვლადიმირ ზელენსკი მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს დიდი უპირატესობით ამარცხებს.
ეროვნული ეგზიტ-პოლის თანახმად, სააარჩევნო უბნების დახურვამდე ორი საათით ადრე მოპოვებული მონაცემები მოწმობს, რომ ზელენსკიმ ხმათა 73,2 პროცენტი მიიღო, ხოლო პოროშენკომ - 25,3 პროცენტი.
"ჩვენ ეს ერთად შევძელით" - უთხრა ზელენსკიმ თავის მხარდამჭერებს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ.
"გპირდებით, რომ არასოდეს გიღალატებთ. და რადგან ჯერაც არ ვარ პრეზიდენტი, შემიძლია რიგითი უკრაინელის სახელით ვილაპარაკო. დაე მთელმა ყოფილმა საბჭოთა კავშირმა გვიყუროს და დარწმუნდეს, რომ ყველაფერი შესაძლებელია".
საარჩევნო კამპანიისას ზელენსკი საკუთარ კანდიდატურას ახასიათებდა "უბრალო კაცად, რომელიც სისტემის დასანგრევად მოვიდა" და ამით გულისხმობდა საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ აღქმას, რომ უკრაინაში პოლიტიკური ცხოვრება კორუფციით და ნეპოტიზმით გამოირჩევა, რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარე ომის პარალელურად. არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვებით ჩანდა, რომ ამომრჩეველი ვერ დაარწმუნა მილიარდერი ბიზნესმენის, პოროშენკოს მოწოდებებმა მისთვის მეორე ვადით დაეჭირათ მხარი, რათა ქვეყნის პრობლემები უფრო გამოცდილ პირს გადაეჭრა.
ოფიციალური წინასწარი შედეგები დღეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.