Accessibility links

site logo site logo

მძღოლები ბათუმის ბულვარში ელექტრომობილების აკრძალვას აპროტესტებენ


ელექტრომობილების მფლობელები მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქციას მართავენ.

ისინი აპროტესტებენ ბათუმის საკრებულოს 5 მარტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, 1 მაისიდან, ბათუმის ბულვარში იკრძალება მოტოციკლებით, კვადროციკლებითა და ელექტრომობილებით გადაადგილება.

აქციის 100-მდე მონაწილე მოითხოვს, 2019 წლის ზაფხულის ბოლომდე 300 ელექტრომობილს მიეცეს ბულვარის ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება.

„ჩვენ ვითხოვთ მკაცრ რეგულაციებს და არა აკრძალვას, რითაც ტურისტების უსაფრთხოება დაცული იქნება. შარშან მართლაც ძალიან მდგომარეობა იყო - 1300 მოპედი მოძრაობდა. ახლა კი მოვითხოვთ, ზაფხულის სეზონზე დარჩეს 300 მოპედი“,- უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის მონაწილემ, ჯემალ სურმანიძემ.

აქციის მონაწილეებს აქვთ ექვსპუნქტიანი გეგმა, რომლის შესრულებასაც მოითხოვენ. ეს მოთხოვნებია:

· 1300 ელექტრომობილის 300-მდე შემცირება;

· ელექტრომობილების სიჩქარის 15-20 კმ/სთ-მდე დაყვანა;

· ბულვარის ტერიტორიაზე ბაიკერების გადაადგილების აკრძალვა;

· ელექტრომობილების გადაცემის აკრძალვა არასრულწლოვნებზე;

· ელექტრომობილების გადაცემის აკრძალვა ნარკოტიკული და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი პიროვნებებისთვის;

· ბულვარის ტერიტორიაზე სეზონის ბოლომდე 300 ელექტრომობილით გადაადგილება.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათ უკვე მიმართეს ბულვარის ადმინისტრაციას, ბათუმის საკრებულოს, აჭარის უმაღლეს საბჭოსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესაც, თუმცა მათ მოთხოვნებს მათი მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი პროტესტის ნიშნად ბათუმში კვირაში ორჯერ ელექტრომობილებით საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ.

ელექტრომობილების მფლობელებმა უკვე გამართეს შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დაკმაყოფილდება თუ არა მათი მოთხოვნები.

აქცია ამ წუთებშიც გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG