საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის ინფორმაციით, დაგროვებით პენსიის სქემაში ჩართულია - 747 774 უნიკალური მონაწილე, ხოლო საპენსიო შენატანები და სარგებელი (ერთად) - 174 047 572 ლარს შეადგენს.
22 აპრილის 21:00 საათისთვის არსებული მდგომარეობა სურგულაძემ დეპუტატებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის საპარლამენტო სხდომაზე გააცნო.
747 774 უნიკალური მონაწილიდან:
- საჯარო სექტორში მუშაობს - 187 472 ადამიანი;
- კერძო სექტორში მუშაობს - 581 439 ადამიანი;
- კერძო/საჯარო სექტორში (ორივეში) მუშაობს - 21 137 ადამიანი.
294 852-ია იმ მონაწილეთა რიცხვი, რომლებსაც შეუძლიათ დატოვონ სქემა (ასაკობრივი ჯგუფი - 40 წელს გადაშორებული); აქედან:
- საჯარო სექტორშია დასაქმებული - 78 047 ადამიანი;
- კერძო სექტორშია დასაქმებული - 228 006 ადამიანი;
- კერძო/საჯარო სექტორშია დასაქმებული - 11 201 ადამიანი.
სქემას უკვე გამოეთიშა - 2 915 ადამიანი:
- საჯარო სექტორიდან - 2 712;
- კერძო სექტორიდან - 433;
- კერძო/საჯარო სექტორიდან - 230.
საპენსიო ფონდის ღირებულება 145 573 875 ლარს შეადგენს; დარიცხული სარგებელი - 784 313 ლარია; ხოლო საპენსიო შენატანები და სარგებელი (ერთად) 174 047 572 ლარს შეადგენს.
ლევან სურგულაძის თქმით, ფონდის ღირებულებასა და შენატანებისა და სარგებლის ჯამს შორის დაახლოებით 30-მილიონიანი განსხვავება იმის გამო აღინიშნება, რომ კომპანიების მიერ გადმორიცხულ თანხა ჯერ არ განაწილებულა სქემის მონაწილეებზე.
ეს თანხა ფონდის ნაწილი მას შემდეგ გახდება, რაც დეკლარაციები დაიხურება.