Accessibility links

site logo site logo

"გირჩი" ჯიბღაშვილის გათავისუფლებას მიესალმა, თუმცა შერჩევითი სამართლიანობის ეჭვი გაუჩნდა


პოლიტიკური პარტია „გირჩი“ სამართალდამცავებს და სასამართლოს მიმართავს რამდენიმე შეკითხვით, რომელიც ეხება ნარკოტიკების აღმოჩენისთვის მსახიობის და ბიზნესმენის, ლევან ჯიბღაშვილის დაკავებას და გირაოთი გათავისუფლებას.

პარტიის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში „გირჩი“ ლევან ჯიბღაშვილს თავისფლებას ულოცავს და მისგან განსხვავებით ფიქრობს, რომ „არც ერთი ადამიანი ნარკოტიკების ფლობის და მოხმარების გამო არ უნდა იჯდეს ციხეში.“

„გირჩი“ განმარტავს, რომ სურს ეს შემთხვევა სხვა ადამიანების გასათავისუფლებლადაც გამოიყენოს და აქვს შემდეგი კითხვები:

1. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გვაინტერესებს რა ოდენობის და რა სახის ნარკოტიკული საშუალება იქნა ამოღებული?

2. პროკურატურისგან გვაინტერესებს იგივე ჯგუფის, იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობის გამო ბრალდებული პირების წინააღმდეგ რამდენჯერ იყო მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში?

3. სასამართლოსგან გვაინტერესებს, იგივე ჯგუფის იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის, რამდენ პირს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში?

4. სასამართლოსგან გვაინტერესებს, იგივე ან ნაკლები ოდენობის იგივე ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის რამდენ ადამიანს მიესაჯა ბოლო ერთი წლის განმავლობაში პატიმრობა?

5. სასჯელაღსრულებისგან გვაინტერესებს რამდენი ადამიანი იხდის დღეს სასჯელს იგივე ჯგუფის, იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის?

„გირჩი“ მიიჩნევს, რომ ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელია, იმისთვის რომ გამორიცხოს შერჩევითი სამართლიანობის საფუძვლიანი ეჭვი, მით უმეტეს, არსებობს ინფორმაცია, რომ დაზარალებული დაკავებისას ითხოვდა დახმარებას მაღალი თანამდებობის პირისგან, ქალაქის მერისგან.

„გირჩი“ პრობლემად არ მიიჩნევს, რომ მერი დახმარებოდა ლევან ჯიბღაშვილს თავისუფლების ყიდვაში, რადგან პარტიისთვის სამართლიანი არ არის მსგავსი დანაშაულისთვის ადამიანის ტყვეობაში ყოფნა, თუმცა აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ უამრავი ადამიანი იგივე ,,დანაშაულის“ გამო დღესაც საპყრობილეშია.

„ყველაზე უარესი, რაც შეიძლება დაემართოს მართლმსაჯულების სისტემას არის შერჩევითი სამართლიანობა, ამიტომ, რაც დასაშვებია ბატონი ლევან ჯიბღაშვილის შემთხევაში, აუცილებლად უნდა გავრცელდეს სხვა ადამიანების შემთხვევებზეც, რომლებიც უსამართლოდ იტანჯებიან საპყრობილეში” - ნათქვამია „გირჩის“ განცხადებაში.

სამართალდამცავებმა მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი 21 აპრილს, თბილისში დააკავეს ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით.

23 აპრილს, საქალაქო სასამართლომ ჯიბღაშვილს შეუფარდა 10 ათასი ლარის გირაო. პროკურატურა აღკვეთის ზომად 15 ათასი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. პროკურატურამ გირაოს შუამდგომლობა იმით ახსნა, რომ გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება და ის, რომ არ არის ნასამართლევი, ან სხვა დანაშაულში მხილებული.

თავად ლევან ჯიბღაშვილმა დანაშაული აღიარა, დეტალებზე საუბარი არ ისურვა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე და ამასთან, უარყო, რომ დაკავებისას თბილისის მერთან დაკავშირებას ითხოვდა. ჯიბღაშვილის თქმით, კახა კალაძეს საერთოდ არ იცნობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG