Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჯაფარიძე: ნუ გამორიცხავთ, რომ სისტემამ საკუთარ მოწყობილ რეიდში თავისივე საცეცი გააბა


„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საკუთარი ფეისბუკის გვერდზე ლევან ჯიბღაშვილის დაკავება-გათავისუფლების ფაქტს ვრცელი პოსტით გამოეხმაურა.

დასაწყისში ის მკაცრი ნარკოპოლიტიკის არსზე წერს და შენიშნავს, რომ ეს არის სისტემა, რომელიც აკრძალვების შედეგად გაზრდილი ფასებით ძალიან დიდ ფულს აკეთებს. ამ დიდი ფულის საკეთებლად კი, მისი სიტყვებით, საჭიროა რამდენიმე რამ:

1. მკაცრი მიდგომა ნარკოტიკების იმ ტიპების მიმართ, რომელსაც სისტემა თავად არ ჰყიდის;

2. მკაცრი მიდგომა ნარკოტიკების იმ შემომტანებთან მიმართებაში, რომლებიც არ არიან სისტემის შემომტანები;

3. მკაცრი მიდგომა ნარკოტიკების იმ გამყიდველების მიმართ, რომლებიც არ არიან სისტემის გამყიდველები;

4. გამყიდველი, რომელიც არის სისტემის ნაწილი, რომელიც სარგებლობს ხელშეუხებლობოთ და ზის ფულის პირამიდის თავშ.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, იდეალურ შემთხვევაში, ასეთ გამყიდველს უნდა ჰქონდეს შემდეგი მახასიათებლები რომ არ „დაიწვას“:

1. უნდა იყოს მეტ-ნაკლებად ცნობადი სახე;

2. უნდა ჰქონდეს „კაი ქართველი კაცის“ იმიჯი;

3. საჯაროდ და აქტიურად უნდა აფიქსირებდეს მკვეთრად ნეგატიურ დამოკიდებულებას ნარკოტიკების მიმართ;

4. თავად არ უნდა იყოს ნარკოტიკების მომხმარებელი;

5. უნდა ჰქონდეს რაიმე ბიზნესი, რომლის არსებობითაც ‘გაპრავდება’ მისი მდიდრული ცხოვრების სტილი;

6. უნდა ჰქონდეს ახლო კონტაქტები ძალაუფლების მქონეებთან (სისტემის დროებით მესვეურებთან).

ზურაბ ჯაფარიძის სიტყვებით, იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებამ არ იცის ლევან ჯიბღაშვილის დაკავების შემთხვევაში, რა ნივთიერებებზეა საუბარი, რა ოდენობებზეა საუბარი, რომ პროკურატურამ მხოლოდ გირაო მოითხოვა 15,000 ლარის ოდენობით, რაც სასამართლომ ეს დააკმაყოფილა და გირაოს თანხა 10,000 ლარამდე დაწია, ასევე იმის გამოც, რომ 2 დღეში ადამიანი გაათავისუფლეს:

„ნუ გამორიცხავთ რომ სისტემამ საკუთარ მოწყობილ რეიდში თავისივე საცეცი გააბა“, - წერს ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე.

სამართალდამცავებმა მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი 21 აპრილს, თბილისში დააკავეს ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით.

23 აპრილს, საქალაქო სასამართლომ ჯიბღაშვილს შეუფარდა 10 ათასი ლარის გირაო. პროკურატურა აღკვეთის ზომად 15 ათასი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. პროკურატურამ გირაოს შუამდგომლობა იმით ახსნა, რომ გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება და ის, რომ არ არის ნასამართლევი, ან სხვა დანაშაულში მხილებული.

თავად ლევან ჯიბღაშვილმა დანაშაული აღიარა, დეტალებზე საუბარი არ ისურვა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე და ამასთან, უარყო, რომ დაკავებისას თბილისის მერთან დაკავშირებას ითხოვდა. ჯიბღაშვილის თქმით, კახა კალაძეს საერთოდ არ იცნობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG