Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის საბჭოს წევრის დანიშვნის კანონიერება დავის საგნად იქცა


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ზაზა ხარებავა უარყოფს „თავისუფლების მონიტორის“ მიერ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაკეთებულ შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრად ის პარლამენტმა კანონდარღვევით დაამტკიცა. „თავისუფლების მონიტორის“ გამოძიების თანახმად, ორგანიზაცია, რომელმაც ზაზა ხარებავა პარლამენტს წარუდგინა, არ აკმაყოფილებდა კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

„ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია. ეს ორგანიზაცია ახორციელებდა იურიდიულ საქმიანობას, ის მონაწილეობდა სასამართლო პროცესში და ეს რომ ასე არ ყოფილიყო, პარლამენტის კომიტეტში ამ დოკუმენტაციას წინააღმდეგობა შეხვდებოდა“, - განაცხადა ზაზა ხარებავამ.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა 24 აპრილს პრესკონფერენცია გამართა მას შემდეგ, რაც „თავისუფლების მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების ანონსი გავრცელდა. „თავისუფლების მონიტორის“ განცხადებით, ორგანიზაცია „აფხაზეთი“, როგორც არამოსამართლე წევრის კანდიდატურის წარმდგენი, არ აკმაყოფილებდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის 47-ე მუხლის მოთხოვნით, კანდიდატურის წარმდგენი არაკომერციული ორგანიზაციის ერთ-ერთი სფერო „კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში“.

„თავისუფლების მონიტორის“ შეფასებით, ორგანიზაცია აფხაზეთი სასამართლო დავებში მონაწილეობას იღებდა მხოლოდ მოსარჩელისა და მოპასუხის სტატუსით, რაც არ არის საკმარისი კანონის მოთხოვნებთან მიმართებით. გამომძიებელ ჟურნალისტებს იურისტებმა განუმარტეს, რომ სასამართლო წარმოებაში „წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა“ სასამართლოში არა საკუთარი, არამედ სხვათა სამართლებრივი ინტერესებისა და უფლებების დაცვას ნიშნავს.

„თავისუფლების მონიტორის“ შეფასებით, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს საკმარის საფუძველს ზაზა ხარებავასთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისთვის.

„თავისუფლების მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ზაზა ხარებავას მხარდაჭერით პარლამენტმა მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „ჩინჩალაძის კლანის“ კანდიდატის დამტკიცებას.

გამომძიებელ ჟურნალისტების მიერ მოკვლეული მასალების მიხედვით, ზაზა ხარებავას მეჯვარეა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ირაკლი შენგელია, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის მოადგილეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG