21 აპრილის მოვლენების შემდეგ, ჰესის („ხადორი 3“) მშენებლობასთან დაკავშირებულმა მოლაპარაკებებმა ყველანაირი აზრი დაკარგა, - განაცხადა პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენელმა, ხასო ხანგოშვილმა.
„კვირას რა ამბავიც მოხდა, ამის შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებას არანაირი აზრი არა აქვს. ეს საკითხი თვითონ შინაგან საქმეთა მინისტრმაც დახურა, როცა თქვა, რომ 90 პროცენტი უნდა იყოსო მომხრე. 90 პროცენტს ვერასოდეს შეაგროვებენ ხეობაში“, - განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.
24 აპრილს უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლები სოფელ ჯოყოლოში გამართულ სათემო კრებაზე მივიდნენ. მანამდე იქ შეკრებილთა გარკვეული ნაწილი უკმაყოფილებას გამოხატავდა საბჭოს წარმომადგენლებთან მიმართებით, რომ, თითქოს, ისინი არ ეწინააღმდეგებოდნენ ჰესის მშენებლობას და მოსახლეობის რეალურ განწყობებს არ გამოხატავდნენ ხელისუფლებასთან და ჰესის მშენებელ კომპანიასთან კომუნიკაციის დროს.
ხასო ხანგოშვილის განმარტებით, უხუცესთა საბჭო ზოგადად არასოდეს ემხრობოდა ჰესის მშენებლობას და საბჭო ყოველთვის იქ დადგება, სადაც პანკსის ხეობის მოსახლეობა დგას.
„უხუცესთა საბჭომ, ადრევე, პირველივე ამბავი რომ დაიწყო, განაცხადა: სასურველი არ არის აშენდეს ჰესი; თუ მაინცდამაინც სახელმწიფო აშენებს ამას, მაშინ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მივიღოთ; და ბოლოს იყო, რაც მთავარია, რომ - დავდგებით იქ, სადაც ხალხი დგას“, - განაცხადა პანკისის ხეობის უხუცესმა, ხასო ხანგოშვილმა.
24 აპრილს პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში გამართული სათემო კრების გადაწყვეტილებით, გამოირიცხა დიალოგი ჰესის („ხადორი 3“) მშენებლობასთან დაკავშირებით. როგორც სოფელ დუისის მკვიდრმა, თამაზ ბაღაკაშვილმა განაცხადა, არ ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით და მოსახლეობა ერთ აზრზე დგას.
21 აპრილს, პანკისის ხეობაში მოხდა მწვავე დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის. ადგილობრივები მცირე ჰესის („ხადორი 3“) მშენებლობის შეჩერებას ცდილობდნენ, როდესაც ხეობაში საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ. შემდეგ მათ სპეცრაზმიც მოჰყვა.
დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. აქციის მონაწილეები კი, ქვებსა და ჯოხებს იყენებდნენ. ხეობაში ვითარების დარეგულირებას ცდილობდა შს მინისტრი გიორგი გახარია.
საგანგებო შეხვედრის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ ხეობაში ჰესი მხოლოდ იმ შემთხვევაში აშენდება, თუკი ადგილობრივების 90% იქნება მომხრე. ამასთან შს მინისტრმა პირობა დადო, რომ დაისჯება ყველა, ვინც 21 აპრილის ინციდენტის დროს კანონი დაარღვია.
ინციდენტის შემდეგ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 40 ადამიანი მოხვდა. მათ შორის იყვნენ, როგორც სამართალდამცველები, ასევე აქციის მონაწილეები. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დახმარება 55 ადამიანს გაეწია.