Accessibility links

site logo site logo

დავით ზალკალიანი: ევროკომისიასთან ვმუშაობთ, რომ არ ამოქმედდეს შეჩერების მექანიზმი


ვისაუბრეთ კონკრეტულ გეგმებზე, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს და შეამცირებს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის არასწორად გამოყენების ფაქტებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა (DG-HOME) გენერალური დირექტორის მოადგილესთან, საიმონ მორდიუსთან შეხვედრის შემდეგ.

„საქართველო მყისიერად რეაგირებს ჩვენი პარტნიორების ნებისმიერ წუხილზე, რომელიც არის დაკავშირებული ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მაძიებელთა ზრდასთან. მოგეხსენებათ, რომ ამ მხრივ ჩვენ გვქონდა შეტყობინება ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნებიდან.

აქედან გამომდინარე, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთობლივ, მიზანმიმართულ ქმედებას, იმისთვის, რომ მოხდეს შემდგომი პრევენცია. ამიტომ დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ყველა იმ კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს და შეამცირებს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის არასწორად გამოყენების ფაქტებს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრი იმედოვნებს, რომ კონკრეტული გეგმა შედეგიანი იქნება და ერთობლივი ქმედებების შედეგად არ დადგება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების აუცილებლობა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 24 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შეხვდა ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა (DG-HOME) გენერალური დირექტორის მოადგილეს საიმონ მორდიუს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ვრცლად განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მიგრაციის სფეროში და განსაკუთრებული ხაზი გაესვა უვიზო მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.

​მიგრაციისა და საშინაო საქმეთა (DG-HOME) გენერალური დირექტორის მოადგილე საიმონ მორდიუ საქართველოში 25 აპრილამდე დარჩება. დაგეგმილია მისი შეხვედრები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG