Accessibility links

site logo site logo

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის სწრაფად დასრულებას ემხრობა


დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა აზერბაიჯანელი მესაზღვრების მიერ დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრისკენ გზის დაკეტვას.

სააგენტო „ტრენდ“-ს მოჰყავს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ლეილა აბდულაევას კომენტარი, რომლის თანახმად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მოიცავს მრავალ ისტორიულ-არქიტექტურულ ობიექტს, რომელიც 25 კილომეტრზე, ფერდობებზეა გაშლილი და აქ გადის ორ მონაკვეთად გაყოფილი აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარი.

აბდულაევას განცხადებით, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხის გადაწყვეტა მიმდინარეობს არსებული ორმხრივი ფორმატების ფარგლებში და ეფუძნება შესაბამისი საერთაშორისო პროცედურებით დადგენილ პრაქტიკას.

ლეილა აბდულაევას თქმით, აზერბაიჯანი ყოველთვის ემხრობოდა საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხის სწრაფად გადაწყვეტას და მზად არის ამ პროცესის უახლოეს ხანში დასასრულებლად.

25 აპრილს, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრისკენ გადაადგილება შეზღუდეს და იქ არც სასულიერო პირებს უშვებენ. იმავე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ მყისიერად მიმართეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომელმაც დაკეტილი პუნქტი გახსნა.

ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი შეფერხებული იყო სამთავრობო კომისიებში ცვლილებების გამო.

26 აპრილს დილით, არქიმანდრიტმა კირიონმა „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, რომ უდაბნოს მონასტერთან ზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დაკეტილი მონაკვეთი გახსნილია და მომლოცველებს და ტურისტებს გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG