Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი მზად არის შეხვდეს პუტინს და იმედოვნებს რუსეთის მხრიდან დეესკალაციის მზადყოფნას


უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული შოუმენი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკების დასაწყებად და იმედოვნებს, რომ „ნორმანდიულ ფორმატში“ რუსეთი დეესკალაციის მზადყოფნის დემონსტრირებას მოახდენს.

ამის შესახებ ზელენსკიმ ინფორმაცია 27 აპრილს საკუთარი ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ დიალოგი რუსეთთან უნდა დაიწყოს ტყვეების გაცვლით პრინციპით „ყველა ყველაზე“. რაც შეეხება რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობის ნორმალიზებას, უკრაინის არჩეული პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ „დონეცკისა და ყირიმის სრული დეოკუპაციის შემდეგ.“

უფრო ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დონეცკში მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მინსკის შეთანხმების პირობების დაცვის შემთხვევაში, ამნისტიის შესახებ დეკრეტითა და კიევის მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებით.

„ეს კონფლიქტი ყველას მობეზრდა. და უკრაინის ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან, მათ შორის მომავალი პრეზიდენტისგან, ყველა ელოდება ამ ამოცანების გადაჭრას“, - განცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, წინასწარი მონაცემების თანახმად, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, 21 აპრილს, ამომრჩეველთა ხმების 73 %-ზე მეტი მიიღო. მოელიან, რომ მის გამარჯვებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ოფიციალურად გამოაცხადებს 30 აპრილს.

XS
SM
MD
LG