Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვლევის თანახმად, რუსეთში მკვეთრად გაიზარდა პოლიტპატიმართა რაოდენობა


"იუკოსის" ყოფილი თანამშრომელი ალექსეი პიჩუგინი
"იუკოსის" ყოფილი თანამშრომელი ალექსეი პიჩუგინი

2019 წლის მარტის მდგომარეობით, რუსეთს ჰყავს 236 პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის ანექსირებულ ყირიმში - ამ მონაცემებს შეიცავს ამერიკული იურიდიული კომპანიის Perseus Strategies-ს მიერ რუსეთის უფლებადამცველი ცენტრის, „მემორიალის“ მონაწილეობით მომზადებული ანგარიში, რომელიც ვაშინგტონში გამოქვეყნდა.

პოლიტიკური მოტივით დევნილთა შორის დასახელებულნი არიან კომპანია „იუკოსის“ ყოფილი თანამშრომელი ალექსეი პიჩუგინი, მოძრაობის „ღია რუსეთის“ აქტივისტი“ ანასტასია შევჩენკო და უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი.

ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ყველაზე ხშირად იდევნებიან პოლიტიკური აქტივისტები, პრეზიდენტ პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეები, რელიგიური და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები და ლგბტ აქტივისტები.

უმეტესობა დაპატიმრებულია საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებების განხორციელებისთვის, სხვები კი დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენიათ. მათ შორის მკვლელობის, სექსუალური ძალადობის, ჯაშუშობის და სხვა ბრალდებებით.

ამავე ანგარიშის თანახმად, განსაკუთრებული რისკის ჯგუფში არიან სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.

დოკუმენტის მიხედვით, პოლიტიკური მოტივით დევნას ხელს უწყობს რუსეთში მიღებული კანონები, რომლებიც სისხლისსამართლებრივი დევნის პოტენციურ ობიექტებად აქცევს ცხოვრების ახალ-ახალ სფეროებს. მაგალითებად მოყვანილია აქციების გამართვის წესების დარღვევის, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის, ან მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის როლის ყარყოფისთვის სასჯელის გამკაცრება და კანონები ე.წ. უცხოური აგენტების და არასასურველი ორგანიზაციების შესახებ.

ანგარიშის თანახმად, რუსეთში პოლიტპატიმრების რაოდენობა დაახლოებით ხუთჯერაა გაზრდილი 2015 წელთან შედარებით, როცა „მემორიალის“ მონაცემებით, რუსეთში 46 პოლიტიკური პატიმარი იყო.

ანგარიშის ავტორები შექმნილ ვითარებაზე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებენ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორს, ალექსანდრ ბორტნიკოვს, გენერალურ პროკურორს, იური ჩაიკას და ძალოვანი სტრუქტურების სხვა ხელმძღვანელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG