Accessibility links

site logo site logo

აჭარის ტელევიზიის ყოფილ დირექტორს სასამართლოში სარჩელი შეაქვს


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული ნათია კაპანაძე დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართავს სასარჩელო განცხადებით. კაპანაძის ინტერესებს იცავს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.“

ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ნათია კაპანაძესთან ერთად ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ერთობლივად მოამზადეს საკმაოდ დიდი მოცულობის დოკუმენტი ყველა იმ დანართით, რომელიც ადასტურებს, რომ დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადება იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება და არ იყო შესწავლილი გარემოებები იმ დოკუმენტიდან, რომელიც საფუძვლად დაედო იმპიჩმენტს.

„ბოლო დღეებში ჩვენ ვნახეთ, რომ მრჩეველთა საბჭომ დაადასტურა აუდიტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ტელევიზიაში როგორც ჩანს, არ იყო იმ ტიპის ფინანსური პრობლემები და დარღვევები, რაზეც უნდობლობის დოკუმენტში საუბრობდნენ და რეალურად ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი უნდობლობის გამოცხადების“ - თქვა სულხან სალაძემ.

მისივე თქმით, მრჩეველთა საბჭომ 2017 და 2018 წლების ანგარიშები ცნობად ისე მიიღო და აჭარის უმაღლეს საბჭოს ისე წარუდგინა, რომ არსად უსაუბრია პრობლემებზე, რომლებიც თითქოსდა, ტელევიზიაში წლების განმავლობაში არსებობდა.

სალაძის განმარტებით, კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადებისას იყო პროცესუალური დარღვევები, რადგან კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრა უნდა ყოფილიყო ღია, მრჩეველთა საბჭომ კი ის დახურული წესით ჩაატარა

მომჩივანი მხარე ითხოვს უნდობლობის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, ნათია კაპანაძის თანამდებობაზე აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს უნდობლობა 19 აპრილს გამოუცხადა.

ფარული კენჭისყრისას იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა საბჭოს ხუთიდან ოთხმა წევრმა.

იმპიჩმენტის ინიციატორები იყვნენ საბჭოში „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტებით არჩეული გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე.

კენჭისყრამდე საჯაროდ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე კვოტით არჩეულმა ბეჟან გობაძემ განაცხადა, რომ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერდა.

მრჩეველთა საბჭოში კიდევ ორი წევრია - „რესპუბლიკური პარტიის“ კვოტით ირაკლი ირემაძე და „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით ნატა იმედაიშვილი, რომელიც საბჭოს თავმჯდომარეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG