Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: აზერბაიჯანთან საზღვრის საკითხში ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო


პრეზიდენტების, სალომე ზურაბიშვილის და ილჰამ ალიევის შეხვედრა 2019 წლის 27 თებერვალს ბაქოში გაიმართა
პრეზიდენტების, სალომე ზურაბიშვილის და ილჰამ ალიევის შეხვედრა 2019 წლის 27 თებერვალს ბაქოში გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტისთვის გაუგებარია, რატომ დაუკავშირეს დავით გარეჯში მის ამასწინანდელ სტუმრობას აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ უდაბნოს მონასტერთან გზის დაკეტვა. ამ თემაზე სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ამერიკის ხმა: იყო უცნაური ამბავი, რომელიც შეიძლება დამთხვევა ან შიდა დინებებიდანაა გამოწვეული, მაგრამ დავით გარეჯში მოხდა რაღაც ისეთი, რაც ხშრად არ ხდება ხოლმე. შეიძლება ეს თქვენს ვიზიტს უკავშირდებოდეს?

სალომე ზურაბიშვილი: ჯერ ერთი, ეს არ არის უჩვეულო. არა ყოველ აღდგომას, მაგრამ რამდენიმეჯერ უკვე მომხდარა. ეს არ არის სწორი, რომ უცებ რაღაც ახალი მოხდა. სხვათა შორის, მე ადრეც ვიყავი ნამყოფი. ძალიან მიკვირს იმ ადამიანებისგან, რომლებსაც აქვთ რაღაც პრეტენზია სახელმწიფოებრიობაზე, პატრიოტიზმზე და საერთოდ, ისტორიულ შეგნებაზე, რომლებიც თვლიან, რომ პრეზიდენტის მისვლა დავით გარეჯში, ჩვენი სამონასტრო კომპლექსის დათვალიერება ჩვენ ტერიტორიაზე, რომელიც არის ყველა ჩვენი პრეტენზიებიდან გამომდინარე - გადაწყვეტილი ბოლომდე არ არის, მაგრამ მე გარკვეული ვარ იმ მოლაპარაკებებში იმიტომ, რომ ადრეც ვმონაწილეობდი - რომლებიც თვლიან, რომ ეს არის რაღაც პროვოცირების ნაწილი. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი არ უნდა დადიოდეს ისეთ ადგილებში, რომლებსაც ჩვენ ვთვლით, როგორც ჩვენს ტერიტორიას? თუ რას ნიშნავს ეს? მინდა გავერკვიო. ძალიან გამიკვირდა ზოგიერთი მხარის რეაქციები.

ამერიკის ხმა: უბრალოდ, ისეთ დროს დაემთხვა, სააღდგომოდ, და ასევე ეს არის მტკივნეული თემა იმის გამო, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია არ მომხდარა.

სალომე ზურაბიშვილი: არაფერი მტკივნეული არ არის. მე რომ ვიყავი აზერბაიჯანში და სომხეთში ორივე ადგილას ვთქვი, რომ შეუძლებელია გაგრძელდეს ის, რომ ჩვენ, ასეთი მეგობრული ქვეყნები, რომლებსაც მართლაც არა აქვთ არაფერი გასაყოფი, ვერ მივიდეთ იმ საბოლოო დემარკაციამდე, რომელიც არის პირველი ნიშანი სახელმწიფოებრიობის. ჩვენ რა სახელმწიფო ვართ, თუ პრაქტიკულად არც ერთი საზღვარი არ გვაქვს. ჩემთვის და ყველასთვის, ვისაც აქვს ეს მოქალაქეობრივი გაგება, ძალიან მტკივნეული საკითხი არის და უნდა შევუდგეთ ამ საკითხს ძალიან აქტიურად, მაგრამ არა წინასწარი დათმობებით.

ამერიკის ხმა: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა და ნაუცბათევი თუ მოურიდებელი ტონით თქვა, რომ ჩვენ მზად ვართ სწრაფად გადავწყვიტოთ ეს დავა. საქართველო არის დღეს მზად იმისთვის, რომ სწრაფად გადაწყდეს დავა, რომელიც ამდენი წლის მანძლზე გრძელდება?

სალომე ზურაბიშვილი: კი. ჩვენ ეს განცხადება გავაკეთეთ ერთობლივად. ორივე პრეზიდენტმა მიმართა თავის მხარეს, როცა გვქონდა გაფართოებული შეხვედრა და ჩვენ მზად ვართ. კომისია უნდა შეუდგეს ხელახლა.

ამერიკის ხმა: ანუ, წარმოდგენა გვაქვს საზღვარი სად უნდა გავიდეს? მე რამდენადაც მესმის, ეს არ არის სწორხაზოვანი საზღვარი.

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ წარმოდგენა გვაქვს, მაგრამ მე არ შევალ დეტალებში, შეიძლება ვერ გაიგონ. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო. არსებობდა საბჭოთა კავშირის ბოლოს საზღვარი, რომელიც იყო ადმინისტრაციული საზღვარი 38 წლის რუკებით, რომლის მერეც არ ყოფილა ახალი რუკა. სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი გადაწყვეტა. მერე შეიძლება ამაზე მოლაპარაკება. საბოლოო არასოდეს არ არის ისეთი მკაცრი პოზიცია, მაგრამ ეს არის ჩვენი საწყისი პოზიცია და ეს ცნობილი არის ჩვენი მეგობრებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG