Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია დავით გარეჯის საკითხზე ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებს


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა გიორგი გახარიამ „ძალზედ ფაქიზი თემა“ უწოდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის საკითხს.

„ეს არის ჩვენი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და რა თქმა უნდა, საზღვრის დემარკაცია მაქსიმალურად შესაძლებელ მოკლე ვადებში უნდა დავასრულოთ“ - თქვა გიორგი გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველის სხდომის დასრულების შემდეგ, როცა მედია დაინტერესდა, განიხილეს თუ არა სხდომაზე დავით გარეჯის საკითხი.

გიორგი გახარიამ ყველას მოუწოდა მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ.

„მე ერთმნიშვნელოვნად მოვუწოდებ ყველას, ვინც ცდილობს ამ თემით სპეკულირებას და ეთნიკური შუღლის გაღვივებას - არ მოვერიდები ამ სიტყვებს - ძალიან ფრთხილად ვიყოთ ამ თემასთან, რამეთუ დემარკაციის ფარგლებში, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან და ჩვენს მოძმე სახელმწიფოსთან რა თქმა უნდა, შეთანხმებას მივაღწევთ ისეთს, რომლის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ასევე, ჩვენი ეკლესიის ინტერესები“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან გზა გადაკეტეს. ამჟამად გზა გახსნილია, თუმცა მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, 5 მაისის შემდეგ კვლავ დაიკეტოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG