Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული მარში“ „თბილისი პრაიდის“ პარალელურად ცენტრალური გამზირების დაკავებას გეგმავს


14 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით „ქართული მარში“ თბილისის ცენტრალური გამზირების დაკავებას გეგმავს. მარშის წარმომადგენლის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, „ქართული მარში“ ამ გზით შეეცდება არ დაუშვას თბილისში ლგბტქი პრაიდის ჩატარება, რომელიც 18-23 ივნისსაა დაგეგმილი.

„ქართულმა მარშმა“ განაცხადი მჯდომარე აქციების ჩატარების შესახებ თბილისის მერიაში 1 მაისს შეიტანა. სანდრო ბრეგაძის თქმით, მარშის წევრები დაიკავებენ რუსთაველის, აღმაშენებლის, ჭავჭავაძის, ყაზბეგის გამზირებს:

„მათ ჰქონდათ ილუზია, რომ ჩვენ მივმართავდით ძალადობრივ მეთოდებს, ხალხს გამოვიყვანდით ქუჩაში, იქნებოდა შეხლა-შემოხლა, მაგრამ ჩვენ წავედით სამართლებრივი გზით და დღეს შეგვიძლია გითხრათ დარწმუნებით, რომ არც რუსთაველის გამზირზე და არც სხვა ცენტრალურ გამზირებზე, მათ არანაირი კანონიერი საფუძველი არ ექნებათ, რომ ჩაატარონ ე.წ. გეი მარში. და თუკი ისინი თავად დაარღვევენ კანონს და ივნისის იმ დღეებში მაინც გამართავენ დემონსტრაციებს იქ, სადაც ჩვენ ვიქნებით და სამართალდამცავები მოუშვებენ ჩვენამდე, ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ არ მივცემთ კანონის დარღვევის საშუალებას. ჩვენს გვამებზე მოუწევთ გადავლა და ისე მოუწევთ აღლუმის ჩატარება“.

სანდრო ბრეგაძის სიტყვებით, „თბილისი პრაიდი“ სახელისუფლებო ძალის მიერაა ანგაჟირებული, რათა ამ გზით გადაიფაროს ქვეყანაში არსებული პრობლემები.

„თბილისი პრაიდის“ კვირაში დაგეგმილია თეატრალური პერფორმანსი, საერთაშორისო კონფერენცია და ღირსების მარში. პრაიდის ორგანიზატორების თქმით, ღირსების მარშს არ ექნება საზეიმო და კარნავალური ხასიათი.

ივნისში დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ სამინისტრო გარკვეულ რისკებს ხედავს უსაფრთხოების დაცვის კუთხით. ნათია მეზვრიშვილმა მოუწოდა როგორც პრაიდის ორგანიზატორებს, ისე პრაიდის მოწინააღმდეგეებს თავი შეიკავონ ყოველგვარი განცხადებებისგან, სანამ შს სამინისტროსთან მოლაპარაკებები არ დასრულდება:

„შსს-ს არაერთხელ უთქვამს და ახლაც ვიმეორებთ: სადაც არ უნდა მოხდეს, რა დემონსტრაციაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს ამის ორგანიზატორი, იქნება ეს „ქართული მარში“ თუ ლგბტ თემის წარმომადგენლები, დავიცავთ ყველას გამოხატვის თავისუფლებას, რაც არ გასცდება კანონის ფარგლებს“.

თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილია უცხოელი აქტივისტების, უფლებადამცველების და ასევე, მაღალი თანამდებობის პირების თბილისში სტუმრობა. და რადგან ეს პრაიდი კავკასიაში პრაიდის ჩატარების პირველი მცდელობაა, ორგანიზატორებს სურთ საქართველოში უმასპინძლონ ლგბტ ადამიანებს სომხეთიდან და აზერბაიჯანიდანაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG