Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უილსონი:ზურაბიშვილის აშშ-ში ვიზიტზე საუბრები მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა


როს უილსონი
როს უილსონი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის:

„პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გამოთქვა ინიციატივა აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით. ამაზე საუბრები მიმდინარეობს, მაგრამ კონკრეტულად არაფერი გადაწყვეტილა ან დაგეგმილა. მოგეხსენებათ, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას და მივესალმებით მაღალი დონის შეხვედრებს, სადაც ლიდერები შეხვდებიან ერთმანეთს, როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არის ძალიან ძლიერი კავშირი. ჩვენ დავუკავშირდით საგარეო საქმეთა სამინისტროს და როგორც ვიცი, კონკრეტულად არაფერი დაგეგმილა“, – აღნიშნა როს უილსონმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ინფორმაცია, თითქოს ქართულ მხარეს უარი ეთქვა სალომე ზურაბიშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე, სიმართლეს არ შეესაბამება.

სამინისტროში განმარტავენ, რომ პრეზიდენტის ვიზიტის განხორციელებაზე მუშაობა დიპლომატიური არხებით დაწყებულია, თუმცა ვიზიტის თარიღებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ამავეს ადასტურებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაც.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით ვაშინგტონიდან უარი მოუვიდა, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა 1 მაისს გაავრცელა. ინფორმაციის თანახმად, უარი განპირობებული იყო სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდირებული არ იქნებოდა.

არ მგონია ეს რეკომენდირებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყო, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან. ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა, სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG