"ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" ( EMC) ახალგორში მცხოვრები აქტივისტისა და ჟურნალისტის თამარ მეარაყიშვილის უფლებების დაცვის საქმეში საქართველოს სახელმწიფოს გააქტიურებისკენ მოუწოდებს.
EMC მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტიან კონტროლს ვერ ახორციელებს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი მას აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, მის ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენებით დაიცვას თამარ მეარაყიშვილის უფლებები. ამის გათვალისწინებით EMC მიმართავს საქართველოს სახელმწიფოს:
- დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს თამარ მეარაყიშვილის გატაცების საქმე, იდენტიფიცირებული პირების მხრიდან გამოვლენილ ქმედებებს მისცეს რელევანტური სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაცია და შესაბამის პირებს დააკისროს პასუხისმგებლობა.
- უზრუნველჰყოს თამარ მეარაყიშვილის უფლებების დაცვა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით. EMC მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია მეარაყიშვილის საქმე საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ წარდგენილ მესამე სახელმწიფოთა შორის განაცხადის ნაწილად აქციოს.
- ყველა საერთაშორისო დონეზე მოლაპარაკებების წარმოებისას აქტიურად დააყენოს თამარ მეარაყიშვილის, როგორც ეთნიკურად ქართველი აქტივისტის უფლებების დაცვის საკითხი და მისი უფლებებისა და ინტერესების მნიშვნელობას ხაზი გაუსვას ყველა საერთაშორისო ფორმატში.
"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" შეფასებით, თამარ მეარაყიშვილის მიმართ ირღვევა გამოხატვის თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება, პირადი ხელშეუხებლობის უფლება და სხვა. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ამ უფლებების დარღვევას არსებითად ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის კონტექსტი აქვს და მიზნად სამოქალაქო აქტივისტის ახალგორიდან განდევნას და კრიტიკული აზრის ჩახშობას ისახავს.
ახალგორელ აქტივისტს თამარ მეარაყიშვილს ცხინვალის ხელისუფლება სისხლის სამართლებრივი წესით 2017 წლიდან დევნის -მის წინააღმდეგ საქმეები ცილისწამების, დოკუმენტების ფალსიფიკაციისა და ოფიციალური დოკუმენტების უკანონოდ მიღების ბრალდებით აღიძრა.