Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრიოტთა ალიანსი: ნატოსთვის განკუთვნილი თანხა წარიმართოს საოჯახო ბიზნესების შექმნაზე


პატრიოტთა ალიანსი 4 მაისს თბილისის სპორტის სასახლეში მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავს. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ შეხვედრის მიზანია, დაიწყონ მზადება იმისათვის, რომ ერთად დაემშვიდობონ "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას".

"28 წელიწადია ვაშენებთ დამოუკიდებელ, უსაფრთხო და მდიდარ ქვეყანას. 28 წელიწადია თავდაუზოგავად ვმონაწილეობთ ნატოს სამხედრო ოპერაციებში! ვცდილობთ ნატოში გაწევრიანებას. საუბედუროდ, ჩვენ ვერ ვაწარმოეთ სწორი პოლიტიკა, დავკარგეთ სოხუმი, დავკარგეთ ცხინვალი, შეიძლება დავკარგოთ ბათუმი და ახალციხე. რთული ვითარებაა ახალქალაქსა და მარნეულში. ნათელია, რომ ჩიხში ვართ! მაგრამ არსებობს გამოსავალი- შვეიცარიის, ფინეთის, ავსტრიის, შვედეთის გამოცდილების გაზიარება! ანუ ამ ქვეყნების მსგავსად, ჩვენ უნდა ვმონაწილეობდეთ ევროინტეგრაციაში, მაგრამ არ უნდა გავწევრიანდეთ არც ერთ სამხედრო ბლოკში!

ევროინტეგრაცია, მაგრამ სამხედრო მიუმხრობლობა! დააკვირდით: სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში ჩვენ არც სომხეთის და არც აზერბაიჯანის მხარე არ დავიჭირეთ ანუ მიუმხრობლობა გამოვიჩინეთ და ამ ერთადერთმა სწორმა ქმედებამ მხოლოდ დადებითი ნაყოფი გამოიღო! 28 წელიწადია სახელმწიფო გვარწმუნებს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა თავად უნდა შექმნას თავისი მომავალი და ამ გზაზე ჩვენ წლიდან წლამდე ვღატაკდებით. არადა, სწორედ სახელმწიფოა ვალდებული, რომ დაასაქმოს თითოეული ჩვენგანი, შეუქმნას თითოეულ ჩვენგანს თუნდაც პატარა, საკუთარი, საოჯახო ბიზნესი. სახელმწიფო ვალდებულია!

წელს თავდაცვასა და ნატოს პროექტებზე მილიარდი ლარია გამოყოფილი. აქედან საქართველოს თავდაცვას 600 მილიონი ლარი სჭირდება, 400 მილიონით კი, ნატოსგან იარაღი უნდა ვიყიდოთ და საერთოდ, ნატოზე უნდა დავხარჯოთ! მომავალ წელს დაახლოებით 1 მილიარდ 400 მილიონი უნდა გამოიყოს. აქედან 600 მილიონი კვლავ თავდაცვაზე წავა, 800 მილიონი კი, კვლავ ნატოს მოხმარდება და წლიდან წლამდე ეს ციფრი გაიზრდება! არადა, წელს 400 მილიონად ჩვენ 8000 ოჯახს შევუქმნიდით და ვაჩუქებდით საოჯახო ბიზნესს. მომავალ წელს უკვე 16 000 ოჯახს შევუქმნიდით საოჯახო ბიზნესს! მაგრამ ჩვენ ვერაფერს ვერ ავაშენებთ, თუ ვიქნებით მუდმივ პოლიტიკურ თამაშებსა და ტყუილში!

ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ურთიერთგარიგებულ ნაცმოძრაობასა და ქართულ ოცნებაზე. ამიტომ ჩვენ- საქართველოს პატრიოტები ვიწყებთ საერთო-სახალხო მოძრაობას, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება ნატოსთვის განკუთვნილი თანხა წარიმართოს საოჯახო ბიზნესების შექმნაზე, რომ ევროინტეგრაციის გაღმავებასთან ერთად, ჩვენ გამოვაცხადოთ სამხედრო მიუმხრობლობა და რომ გავთავისუფლდეთ ურთიერთგარიგებული, უზნეო პოლიტიკოსებისა და პოლიტიკისაგან! ერთად დავემშვიდობოთ „ქართულ ოცნებას“ და ნაციონალურ მოძრაობას!“,-ნათქვამია „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG