ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე პოლიციის 13 თანამშრომელი დაიღუპა ქვეყნის ჩრდილოეთ ბაღლანის პროვინციის დედაქალაქ პულ-ე-ხუმრიში პოლიციის საგუშაგოებზე თალიბების თავდასხმის შედეგად. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, 5 მაისის თავდასხმას წინ უძღოდა თვითმკვლელი მოიერიშის მიერდანაღმული ავტომანქანის აფეთქება შენობის მთავარ შესასვლელთან, რასაც მოჰყვა 8 შეიარაღებული ექსტრემისტის იერიში.
თავდასხმის შედეგად დაიღუპა 13 პოლიციელი, დაიჭრა დაახლოებით 55 კაცი, რომელთაგან 20 სამოქალაქო პირია. საპასუხო ცეცხლის შედეგად ყველა თავდამსხმელი გაანადგურეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა იმ ფონზე, როდესაც ორი დღის წინ პრეზიდენტ აშრაფ ღანის ხელმძღვანელობით, ავღანეთში გამართული დიდი საბჭო გამოვიდა ინიციატივით რამადანის დღესასწაულთან დაკავშირებით, ცეცხლის დაუყოვნებლად შეწყვეტის შესახებ.
მაგრამ 3 მაისს თალიბანმა უარყო სამშვიდობო მოწოდება და განაცხადა, რომ თავდასხმები რამადანის დროსაც გაგრძელდება.