2017 წლის დეკემბერში პანკისში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელსაც, სუსის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა ჰქონდა განზრახული, ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „პოლიტმეტრში“ გაიმეორა, რომ მის მიმართ ბრალდებები შეთითხნილია.
7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადანაშაულა ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობაში და განაცხადა, რომ ის ტერორისტული აქტის ორგანიზებით, რამდენიმე პირის მკვლელობას გეგმავდა.
ამის დასადასტურებლად სუსმა გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერიც, სადაც მათი მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ძმისშვილი, ტერორისტული აქტის გეგმას განიხილავენ.
სუსის განცხადებიდან თითქმის 24 საათის თავზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. ის გამოკითხვაზე 9 მაისს უნდა მივიდეს.
როგორც ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თქვა მაჩალიკაშვილმა, მას მსგავსი მუქარა, რაც სუსის მიერ წარმოდგენილ ჩანაწერშია, ადრეც გამოუთქვამს, მაგრამ არასოდეს ჩაუდენია დანაშაული. „თუ იცით, რომ რაღაცას ვგეგმავ, მაშინ დამელოდეთ, როცა რამის გაკეთებას ვეცდები და იქ დამიჭირეთ,“ მიმართა მან ხელისუფლებას. მან ხელისულებას ბრალი დასდო, რომ მისი ტერორისტად ქცევა სურს.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, თუკი მას დაიჭერენ, მისი მეუღლე გააგრძელებს პროტესტს, სანამ ხელისულფება არ აღიარებს, რომ დააშავა მისი ოჯახის წინაშე.