ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადებით, ძიძად მომუშავე პირების სერტიფიცირება სავალდებულო არ იქნება.
სოფიო კილაძის განმარტებით, „ბავშვთა კოდექსში“ არსებული ჩანაწერი, რომლითაც ძიძების მიერ სერტიფიკატის ნებაყოფლობით აღება შემოდის, მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების ამაღლებასა და ამ მიმართულებით, ძიძების სახელმწიფო დონეზე დახმარებას.
სოფიო კილაძე ამბობს, რომ ძიძების სერტიფიცირება სავალდებულო არ იქნება და სერტიფიკატი დასაქმების ან ანაზღაურების კუთხით გავლენას არ იქონიებს.
"არავითარი სავალდებულო რეგისტრაცია და სამუშაოების შეზღუდვა არ იგეგმება. შემოსული იყო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ძიძების სავალდებულო რეგისტრაცია, რასაც მხარი არ დავუჭირეთ. ამასთან, ვთვლით, რომ ვინც საჭიროდ ჩათვლის გაიაროს სერტიფიცირება, სოცმუშაკი დაეხმარება მათ ამ საკითხის გადაწყვეტაში, მაგალითად, ბავშვზე ზრუნვა უფრო უკეთესი რომ იყოს ძიძის მხრიდან. ამის მიზანია იმ ადამიანებს, მშობლებს, რომელთაც უნდათ დაიცვან თავიანთი ბავშვები, სახელმწიფო უფრო მეტად შეუწყობს ხელს“, - ამბობს სოფიო კილაძე.
სოფიო კილაძე ამ საკითხზე პარლამენტში მოხსენებით ორ კვირაში წარსდგება.