საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“ შესაძლოა ფინანსური პრობლემების გამო დაიშალოს.
ფეხბურთელებს ანაზღაურება ორი თვეა არ მიუღიათ. პრობლემები კლუბში „ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ გაწყვეტილი ხელშეკრულების შემდგომ შეიქმნა. კლუბის მფლობელი ზაალ ჩაჩავა ამბობს, რომ დავალიანება მაისის ბოლომდე უნდა დაიფაროს:
„ჩინურმა კომპანიამ შეაჩერა სპონსორობა და გაწყვიტა ხელშეკრულება. ამის გამო შეგვექმნა პრობლემა. მათ მიზეზად ჩინეთში მიღებული ახალი კანონი დაასახელეს. მათი თქმით, მიიღეს კანონი, რომელიც უკრძალავთ ქვეყნის გარეთ სპორტული ღონისძიებების დაფინანსებას. ჩემი აზრით, საუბარია იმ თანხებზე, რომელსაც ქვეყნიდან კრედიტის სახით იღებენ. არა მგონია, თავის თანხაზე ქონდეთ შეზღუდვა“, – ამბობს ზაალ ჩაჩავა.
ბიზნესმენმა ასევე დაადასტურა ინფორმაცია კლუბიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ და განმარტა, რომ თუ ახალი სპონსორი ვერ მოძებნა, მოუწევს გუნდი ქუთაისის მერიას დაუბრუნოს.
ქუთაისის მერიამ „ტორპედო“ აუქციონზე 2017 წელს 300 000 ლარად გაყიდა. ინვესტორმა კლუბზე პასუხისმგებლობა იკისრა. თუ ზაალ ჩაჩავა გუნდზე უარს იტყვის და მერიას დაუბრუნებს, სავარაუდოდ, ის გუნდში გადახდილ თანხას დაკარგავს.