რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მომავალ თვეში იაპონიაში, დიდი ოცეულის სამიტის კულუარებში შეიძლება შეხვდეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ტრამპმა 13 მაისს განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრას გეგმავს სამიტის მსვლელობისას. პუტინმა 15 მაისს სოჭში, ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რუსეთი სრულად არის მზად ვაშინგტონთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, როგორც კი აშშ-ის საშინაო პოლიტიკური მდგომარეობა იქნება საამისოდ შესაფერისი.
„ჩვენ მზად ვარ, [ურთიერთობების ნორმალიზებისთვის], მაგრამ ეს დამოკიდებულია არა ჩვენზე, არამედ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებზე. როგორც კი მზად იქნებიან საამისოდ, როგორც კი მათი საშინაო პოლიტიკური ვითარება შეიცვლება ისე, რომ თანამშრომლობისთვის ხელსაყრელი იყოს, ჩვენ მზად ვართ,“ თქვა პუტინმა.