უკრაინაში მთავარი საპარლამენტო კოალიცია დაიშალა მას შემდეგ, რაც ის დატოვა სახალხო ფრონტმა, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა ანდრიი პარუბიმ.
17 მაისს გაკეთებულ ამ განცხადებამდე სახალხო ფრონტის, პარლამენტის სიდიდით მეორე ფრაქციის, თავმჯდომარემ, მაქსიმ ბურბაკმა თქვა, რომ მისი პარტია გადის კოალიცია „ევროპული უკრაინიდან“.
კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტმა ახლა 30 დღის განმავლობაში უნდა შექმნას მმართველი კოალიცია. პრეზიდენტს აქვს უფლება, დაითხოვოს პარლამენტი და რიგგარეშე არჩევნები გამოაცხადოს, თუკი ვერ მოხერხდება მმართველი კოალიციის ფორმირება.
დაშლით მმართველ კოალიციას სურს არ დაუშვას პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნა. ახლახან ზელენსკის მრჩეველმა დმიტრი რაზუმკოვმა განაცხადა, რომ ახალარჩეული პრეზიდენტი თანამდებობის დაკავების შემდეგ პარლამენტს დაითხოვს. კოალიციიდან სახალხო ფრონტის გასვლის შემდეგ პარლამენტმა 30 დღეში უნდა შექმნას მმართველი კოალიცია, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ვერ შეძლებს ამ უფლების გამოყენებას.
საპარლამენტო კოალიციის დაშლა სამი დღით უსწრებს წინ ახალარჩეული პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციას, რომელიც 20 მაისს გაიმართება.
შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბრისთვის არის დანიშნული.
კოალიცია „ევროპული უკრაინა“ 2014 წლის ნოემბერში შეიქმნა.