Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს მინისტრებმა გზას გაუხსნეს რუსეთის დაბრუნებას საპარალამენტო ასამბლეაში


17 მაისს ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჰელსინკიში გამართული საიუბილეო შეხვედრის დროს მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რაც გზას უხსნის რუსეთის სრულფასოვან დაბრუნებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

ევროპის საბჭოს 70 წლისთავზე, რომელიც ფინეთში აღინიშნება, ევროპის 30-ზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები იმყოფებიან ჰელსინკიში ორდღიან შეხვედრაზე, რომელიც 16 მაისს დაიწყო.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება 2014 წლის აპრილში ჩამოართვა, მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის გამო. რუსეთის დელეგაციას შეჩერებული აქვს ასამბლეის ხელმძღვანელ სტრუქტურებში მუშაობის უფლებაც, თუმცა, პლენარულ სხდომებზე დასწრება შეუძლია.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი გერმანიისა, საფრანგეთისა და ჰოლანდიის აქტიური ლობირებით შემუშავებულ ერთობლივ განცხადებას. „ყველა წევრ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის მუშაობაშიმონაწილეობის თანაბარი უფლება.. ჩვენ მივესალმებოდით ყველა წევრი სახელმწიფოს დელეგაციის მონაწილეობას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ივნისის სხდომაში“, - ნათქვამია დოკუმენტში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა უარი თქვა ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაში მონაწილეობაზე. სანქციების დასრულება ნიშნავს „ნორმალიზაციის“ პროცესის დაწყებას რუსეთთან ყველაფერი იმის შემდეგ, რაც მან ჩაიდინა“, - დაწერა კლიმკინმა„ფეისბუკში“.

რუსეთი კი მიესალმა ჰელსინკიში მიღებულ დეკლარაციას, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უწოდა „არსებული კრიზისის მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯი“.

რუსეთი 1996 წლიდან არის ორგანიზაციის წევრი, მაგრამ მასა და ევროპის საბჭოს შორის ურთიერთობები გაუარესდა მას შემდეგ, რაც საბჭომ ხმის მიცემის უფლება შეუწყვიტა მოსკოვს მის მიერ 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის დაკავების შემდეგ. საპასუხოდ რუსეთმა გაყინა თავისი წლიური საწევრო (37 მილიონი დოლარი), რაც სტრასბურგში დაფუძნებული ორგანიზაციის ბიუჯეტის 7%-ს უდრის.

„ახლა ბურთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხარეზეა. ჩვენ უარს არ ვამბობთ არც ერთი, მათ შორის ფინანსური ვალდებულების შესრულებაზე“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა ჰელსინკიში.

XS
SM
MD
LG