მიჩიგანის შტატის წარმომადგენელი კონგრესმენი, ჯასტინ ამაში გახდა პირველი რესპუბლიკელი კანონმდებელი, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გადადგმული ნაბიჯები "იმპიჩმენტს იმსახურებს".
ამაშმა 18 მაისს ტვიტერით დაწერა, რომ სრულად წაიკითხა საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის მიერ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიების დასკვნის რედაქტირებული ვერსია.
დასკვნის რედაქტირებულ ვერსიაში, რომელიც საჯაროდ გავრცელდა, მიულერმა თქვა, რომ ვერ ნახა დანაშაულებრივი შეთქმულების ნიშნები ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიას და რუსეთს შორის, თუმცა ღიად დატოვა კითხვა, შეუშალა თუ არა ხელი ტრამპმა გამოძიებას.
გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა, რომელიც ტრამპმა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელად დანიშნა, მოგვიანებით თქვა, რომ არ არსებობს საკმარისი საფუძველი ტრამპის დადანაშაულებისთვის გამოძიებისთვის ხელის შეშლაში.
"ანგარიშის ბარის მიერ აღწერის მიუხედავად, მიულერის ანგარიში აჩვენებს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გადადგა ნაბიჯები და გამოავლინა ქცევის მოდელი, რომელიც აკმაყოფილებს იმპიჩმენტისთვის საჭირო ზღვარს" - წერს ამაში.
დემოკრატები აცხადებენ, რომ ბარმა არასწორად წარმოაჩინა ანგარიშის შედეგები, რათა ტრამპი და სხვა ოფიციალური პირები დაეცვა.
თუმცა ოპოზიციური პარტიის ბევრი წარმომადგენელი თავს იკავებს ტრამპის იმპიჩმენტის მოწოდებით გამოსვლისგან, რადგან შიშობს, რომ ამან შესაძლოა პრეზიდენტს კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა მოუტანოს.
ამაშს ტრამპი წარსულშიც გაუკრიტიკებია.
აშშ-ის კონსტიტუციით, წარმომადგენელთა პალატას, რომელსაც ახლა დემოკრატები აკონტროლებენ, შეუძლია დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურები. მაგრამ სენატი, რომელიც რესპუბლიკელების კონტროლის ქვეშაა, ამგვარ საქმეებს განიხილავს და მხოლოდ მას აქვს პრეზიდენტის გადაყენების უფლებამოსილება.