Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 საათისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 68 საჩივარი დაიწერა

ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე
ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის(ცესკო) ინფორმაციით, 17 საათისთვის საოლქო კომისიებმა მიიღეს 68 საჩივარი. მათგან ყველაზე მეტი - 30 დაიწერა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში. მარნეულში 20, ხულოში 11, ზესტაფონში 5 და თითო-თითო ოზურგეთსა და თბილისში.

ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, საჩივრები ძირითადად, პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.

„მარნეულის ყიზილაჯლოს 89-ე უბანზე, საუბნო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, იყო ხმის განმეორებით მიცემის მცდელობა, თუმცა განმეორებით ხმის მიცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა. აღნიშნული უბანი დაატოვებინეს დამკვირვებელს გადაღების წესის დარღვევის და კომისიის მუშაობის ხელშეშლის გამო“ - განაცხადა მიქელაძემ.

ცესკოს სპიკერის თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მარნეულის 68-ე საარჩევნო უბანზე უცნობმა პირმა საარჩევნო ყუთში ჩაყარა ბიულეტენები, თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ამას ადასტურებს უბანზე მყოფი ცესკოს წარმომადგენელიც.

რაც შეეხება მარნეულის მეორე უბანს, ცესკოს ინფორმაციით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დაწერა საჩივარი, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიამ ჩაიბარა, თუმცა, ამ წარმომადგენელს უბანი დაატოვებინეს საარჩევნო პროცესის ხელისშეშლისა და ქაოსის შექმნის გამო.

19 მაისს თბილისის მთაწმინდის ოლქში ტარდება პარლამენტის შუალედური არჩევნები, ახმეტის, საგარეჯოს, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს შუალედური არჩევნები და მერის რიგგარეშე არჩევნები მარნეულის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ჭიათურის და ხულოს მუნიციპალიტეტებში.

XS
SM
MD
LG