Accessibility links

ახალი ამბები

მთავრობა ანაკლიის პორტის ინვესტორების კომერციული რისკების დაზღვევას არ აპირებს

მაია ცქიტიშვილი

საქართველოს მთავრობაში ანაკლიის პორტის ინვესტორებთან მოლაპარაკების ყველაზე რთულ საკითხად ასახელებენ კომერციული რისკების დაზღვევას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის,“ ანაკლიის პორტის ინვესტორი საერთაშორისო ინსტიტუტების და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა.

„მთავარი და შეთანხმება ჩვენ შორის რაზეც არის მიღწეული სამივე მხარეს შორის არის ის, რომ ეს პროექტი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე, ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება აქვს როგორც ბანკებს, ასევე სახელმწიფოს ამ პროექტის მიმართ და უშუალოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მონაწილეობასთან დაკავშირებით ამ პროექტში და შესაბამისად, ჩვენი საერთო შეთანხმება არის ის, რომ ჩვენ დღის განმავლობაში კიდევ უფრო უნდა ​დავუახლოვოთ ჩვენი პოზიცია იმ საკითხებზე, სადაც ჩვენ უკვე პრაქტიკულად, გვაქვს შეთანხმება მიღწეული” - უთხრა ჟურნალისტებს მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, იმ საკითხებს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება მოლაპარაკების საგნად, მთავარი ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევაა.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ყველაზე რთული პოზიცია სახელმწიფოს მხრიდან იქნება ეს სწორედ, რადგანაც სახელმწიფოს არ შეუძლია ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა. ეს არის ის პოზიცია, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ბანკებთან და კონსორციუმთან იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენება არის შესაძლებელი“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, კრედიტორების მოთხოვნების სია საკმაოდ დიდია და მთავრობა მზად არის, რომ მათ ხელი შეუწყოს თითქმის ყველა მიმართულებით.

„ეს ნიშნავს, რომ პირველადი სახით რაც იყო ხელშეკრულება სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის, ის გადაიხედება და მნიშვნელოვანდ უმჯობესდება ამ პროექტის სასარგებლოდ და შესაბამისად, კრედიტორების სასარგებლოდ“ - უთხრა ჟურნალისტებს მაჭავარიანმა.

ამასთან, ფინანსთა მინისტრმა დასძინა, რომ კომერციული რისკების დაზღვევის საკითხში სახელმწიფო მეტ დათმობაზე ვეღარ წავა.

„მათ შორის ყველაზე მთავარი იყო ტვირთების რისკი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის სწორი. არსებული პროგრამაც, რაც შეთანხმებული გვაქვს სავალუტო ფონდთან, არ ითვალისწინებს, რომ დამატებით სახელმწიფომ აიღოს ფინანსური რისკი ამ ნაწილში“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანის თქმით, პოზიტიურად არის განწყობილი, რადგან პროგრესს ხედავს, თუმცა, საჭირო იქნება მოლაპარაკების კიდევ რამდენიმე რაუნდი.

ფინანსთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ სამუშაო ჯგუფის მოლაპარაკება გაგრძელდა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში.“

პროცესში მონაწილეობენ საქართველოს ფინანსთა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები, მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროების, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტოს, საქართველოს რკინიგზის, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის, აზიის განვითარების ბანკის, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციის წარმომადგენლები და მხარეების ტექნიკური და იურიდიული მრჩევლები.

ყველა ახალი ამბავი

ადვოკატის ინფორმაციით, ნიკა მელია პარლამენტშია და მიმალვას არ აპირებს

ნიკა მელია

საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის ინფორმაციით, ნიკა მელია ამჟამად პარლამენტში იმყოფება, მიმალვას არ აპირებს და მზად არის წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე.

ამასთან, ადვოკატის შეფასებით, მიმდინარე პროცესის მიმართ დიდი კითხვის ნიშნები არსებობს. გიორგი კონდახაშვილი პარლამენტში იმყოფება.

„უნდა ჩავიბარო ბრალდების დადგენილება, თუმცაღა მინდა დავაფიქსირო, რომ აღნიშნულ საქმეში პირველივე წუთიდან არის ძალიან უხეში საპროცესო დარღვევები. გუშინდელს მერე ჩვენ ვთხოვთ პროკურატურას, გადმოგვეცეს მტკიცებულებები, რაზე დაყრდნობით განხორციელდა ბრალდება ნიკანონ მერიასთან მიმართებაში, რაც დღემდე არ გადმოუციათ. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პროკურატურის მიერ პარლამენტში გადაგზავნილ შუამდგომლობაში არის ძალიან ბევრი შეუსაბამო ფაქტები. ისეთ ფაქტებზეა მითითება, რომ თითქოს ნიკანორ მელია მიიმალება, რომ მას აქვს ორი პასპორტი, რომ იგი რამდენჯერმეა საზღვარგარეთ ნამყოფი, ასეთ სამართლებრივ თემატიკას განიხილავს ახლა პარლამენტი. ასევე, გასარკვევია რას გულისხმობს პროკურატურა ორგანიზებაში, მასობრივ არეულობაში, ხელმძღვანელობაში, გადატრიალებაში. უამრავი ჩანაწერი არსებობს, სადაც მელია აცხადებს, რომ მშვიდობიანად, ხელებაწეული, კონსტრუქციულად შევიდეთ პარლამენტის შენობაში და გავაპროტესტოთო. თუკი ამას გულისხმობს პროკურატურა მასობრივ არეულობაში და გადატრიალებაში და ბუნტში, ეს არის სამართლებრივი აბსურდი“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კონდახაშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ გენერალური პროკურორის მიმართვას, პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

საქართველოს პროკურატურამ 25 ივნისს, საღამოს განაცხადა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის.(საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით)

26 ივნისს, ნიკა მელია ბრალდების წარსადგენად გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული.

ოპოზიცია ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის განხილვის გადადებას მოითხოვს

ნიკა მელია

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ გენერალური პროკურორის მიმართვას, პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

ოპოზიციური პარტიების, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა პროტესტი გამოთქვეს იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ საკითხს დაჩქარებულად განიხილავს. მათ მოითხოვეს, რომ სხდომა გადაიდოს და პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მასალების გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

„რა მნიშნვნელობა აქვს ორი საათით ადრე დაიჭერთ ნიკა მელიას, თუ ორი საათით გვიან. რატომ ვერ ითმენთ, რა გჭირთ? დილის 9 საათზე, რომ გადაგვიყვანეთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმში. მე არ მახსოვს ამ პარლამენტში ასე ადრე ჩატარებულიყოს სხდომა. მითუმეტეს, რომ 5 დღე აქვს იურიდიულ კომიტეტსაც და საპროცედურო კომიტეტსაც საკითხის განხილვისთვის. გუშინ საღამოს შემოტანილი საკითხია და დილაუთენია რატომ არის კომიტეტი დანიშნული?!“ - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების თავმჯდომარეებს, ანრი ოხანაშვილს და გიორგი კახიანს.

როგორც გიორგი კახიანმა განაცხადა, პარლამენტი არავის იჭერს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების თავმჯდომარის განმარტებით, თუ პარლამენტი გენერალურ პროკურატურას თანხმობას მისცემს, ეს იმას ნიშნავს, რომ პროკურატურა სასამართლოს წინაშე დააყენებს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს და საბოლოოდ გადაწყვეტილებას სწორედ სასამართლო მიიღებს.

„პარლამენტი არ იღებს გადაწყვეტილებას ნიკანორ მელიას პატიმრობა შეეფარდოს, თუ სხვა აღკვეთის ღონისძიება. პარლამენტი არ არის მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო. თუ მოხდა ისე, რომ პროკურატურამ მიმართა სასამართლოს და სასამართლომ მელიას პატიმრობა შეუფარდა, მხოლოდ ამის შემდგომ პარლამენტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე შეუჩერდება პარლამენტის წევრის იმუნიტეტი“, - განაცხადა კახიანმა.

საქართველოს პროკურატურამ 25 ივნისს, საღამოს განაცხადა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის.(საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით)

26 ივნისს, ნიკა მელია ბრალდების წარსადგენად გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული.

DW: ევროპაში საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა ხარისხიან ქართულ ღვინოზე

რუსეთის ფედერალური სამსახური „როსპოტრებნადზორი“ ირწმუნება, რომ ქართული ღვინის ხარისხი გაუარესდა, თუმცა, მსგავს ტენდენციას ვერ ხედავენ გერმანელი და ავსტრიელი ღვინით მოვაჭრეები - ამის შესახებ ვრცელ სტატიაში წერს გერმანული მაუწყებლის, „დოჩე ველე“-ს(DW) რუსული სამსახური. მისი ინფორმაციით, გერმანელები და ავსტრიელები ევროკავშირის ბაზრისთვის საქართველოში ყიდულობენ ყველაზე კონკურენტუნარიან პროდუქციას და მასზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება.

„ჩვენ ქართული ღვინის ხარისხის პრობლემა არ გვაქვს და არც ხელისუფლებას, რომელიც იმპორტს მუდმივად აკონტროლებს“ - განაცხადა ჰამბურგში მდებარე ინტერნეტ-მაღაზიის, GeoVino-ს თანამფლობელმა, ანდრე ჰაინმა.

DW-ს ესაუბრნენ გერმანიასა და ავსტრიაში ქართული ღვინის იმპორტიორი სხვა კომპანიების წარმომადგენლებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ იმ ქართულ კომპანიებს, რომლებიც მათი მიმწოდებლები არიან, ხარისხის პრობლემა არასდროს ჰქონიათ.

ერთ-ერთი მათგანი ალექსეი შრაინერი, რომელიც ქართული ღვინით უკვე 16 წელია ვაჭრობს, ამბობს, რომ საქართველოში არის უმაღლესი კლასის ღვინო, არის კარგი ხარისხის ღვინო, მაგრამ ისევე, როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, ცალკეულ მწარმოებლებს შესაძლოა, ჰქონდეთ პრობლემები. შრაინერმა სუფთა პოლიტიკა უწოდა რუსული „როსპოტრებნადზორის“ მიერ 24 ივნისს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას, რომ ქართული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხი გაუარესდა, ამიტომ კონტროლს ამკაცრებს და 8 კომპანიას უკვე აუკრძალა რუსეთში თავისი პროდუქციის შეტანა.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თბილისში, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები.

დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხს საპარლამენტო კომიტეტები განიხილავენ

ნიკა მელია

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ გენერალური პროკურორის მიმართვას, პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

9 საათზე დანიშნულ სხდომაზე მიმართვას წარმოადგენენ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე რევაზ ბაღაშვილი და საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 25 ივნისს, საღამოს განაცხადა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის.(საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით).

26 ივნისს, ნიკა მელია ბრალდების წარსადგენად გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" მისი წევრის, ნიკა მელიას დაპატიმრების განზრახვა შეაფასა საქართველოში რეპრესიების და ბოლშევიკური ტერორის დაწყებად.

პარლამენტთან მოშიმშილე გვანცა არევაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

გვანცა არევაძე, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შიმშილობის გამო შეუძლოდ გახდა, გერმანულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროში მიაწოდეს.სამინისტროს ცნობით, სავარაუდოდ, გვანცა არევაძე შეუძლოდ სისხლში შაქრის შემცველობის დაცემის გამო გახდა.

აშშ-მა და ირანმა ერთმანეთის კრიტიკა გაამწვავეს

აშშ-ისა და ირანის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და ჰასან როჰანი

აშშ-მა და ირანმა ერთმანეთის მიმართ მძაფრი განცხადებები გააკეთეს.

თეირანი ვაშინგტონს ადანაშაულებს „სიცრუეში“ ორ ქვეყანას შორის სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილებაზე საუბრისას. ერთ დღეში მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას ირანისათვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ, პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ „იდიოტური“ უწოდა სანქციებს მისი ქვეყნის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის წინააღმდეგ.

„ეს თეთრი სახლი მენტალურად ჩამორჩენილია და არ იცის, რა გააკეთოს“, განაცხადა როჰანიმ.

ახალი სანქციები ირანის უზენაეს ლიდერსა და მასთან დაახლოებულ პირებს უბლოკავს წვდომას „ძირითად ფინანსურ რესურსებსა და მხარდაჭერაზე“, განაცხადა ტრამპმა 24 ივნისს დოკუმენტზე ხელმოწერისას. ტრამპმა განმარტა, რომ სანქციები არის სასჯელი ისლამური რესპუბლიკის ბოლოდროინდელი „პროვოკაციული“ ქმედებებისათვის.

ირანის პრეზიდენტის 25 ივნისის რეაქციას ტრამპმა უწოდა „შეურაცხმყოფელი“ და ნიშანი იმისა, რომ ირანის ხელმძღვანელობა ვერ აცნობიერებს, რა ხდება რეალურად.

„ირანის ნებისმიერ თავდასხმას ნებისმიერ ამერიკულ (ობიექტზე) მოჰყვება დიდი და განუზომელი ძალით რეაგირება", წერს ტრამპი ტვიტერში და დასძენს, რომ ზოგ შემთხვევაში "განუზომელი" შეიძლება "განადგურებას" ნიშნავდეს.

გიორგი მარგველაშვილი: მმართველ გუნდს დარჩა მდარე პიარი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმართა. მისი სიტყვებით,ეამაყება ის საქართველო, რომელსაც ხედავს, ეამაყება ის მოედანი, სადაც ახალი საქართველოს ისტორია იწერება.

„ძალიან მტკივნეულია, რომ ეს ისტორია იწერება სისხლით... ეს სისხლი, რომელიც აქ დაიღვარა არის საწინდარი იმისა, რომ თქვენ იქნებით ამით გაერთიანებული, რომ თქვენ არ შეგეშინდებათ და იქნებით ამით შედუღაბებული ერთმანეთთან და მომავლის წინაშე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი სიტყვებით, სჯერა რომ მომავალი დაიწერება ძალიან ნათელი და ძალიან წმინდა.

"იმ ხალხს ვინც თქვენ დაგიპირისპირდათ ძალიან სუსტი ილეთები და ხრიკები გააჩნია დღეს თქვენ წინააღმდეგ. მმართველ გუნდს დღეს დარჩა რაღაცნაირი მდარე პიარი. მდარე ჭორაობის დონის ბოტები და მეორე მხრივ რაღაცნაირი კრახაბორული ვაჭრობა. ვაჭრობა, რომელიც ვერ შედგება, იმიტომ ვერ შედგება, რომ აქ არის სიმართლე, აქ არის ძალა და სურვილი საქართველოს მომავლისა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მან პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილებს სიმტკიცისკენ მოუწოდა და მიმართა, რომ არ დაუშვან ის შეცდომა, რომელიც მისმა თაობამ დაუშვა, როდესაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მეოთხე პრეზიდენტმა შეკრებილ საზოგადოებას, მისი სიტყვებით იუმორით უთხრა „კობახიძე - ეტა რაზ! გახარია - ეტა დვა!“

რობერტ ქოჩარიანი წინასწარი დაკავების იზოლატორში დაბრუნდა

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დაბრუნდა წინასწარი დაკავების იზოლატორში მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ შეცვალა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ 25 ივნისს შეცვალა აგრეთვე გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს ქოჩარიანის სამართლებრივ დევნას 2008 წელს კონსტიტუციური წყობის დამხობის ბრალდებით.

ქოჩარიანისათვის წაყენებული ბრალდება უკავშირდება 2008 წელს არმიისათვის მიცემულ ბრძანებას, მიემართა ზომებისათვის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგით გამოწვეული აქციების დასაშლელად.

დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი, მათ შორის ორი სამართალდამცველი.

გრიგოლ ვაშაძე: იწყება რეპრესიები და ბოლშევიკური ტერორი

ხელისუფლებამ დაიწყო რეპრესიები და ბოლშევიკური ტერორი. დამიჯერეთ, ეს ბოლო დაკავება არ არის, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.

გრიგოლ ვაშაძის სიტყვებით, „განწირული ხელისუფლებისთვის“ მნიშვნელოვანია ყურადღების გადატანა ძიძგილაობასა და დაპირისპირებებზე და არა სასამართლო პროცესზე, სადაც უდანაშაულო ხალხს გაასამართლებენ.

ვაშაძის განცხადებით, დაანონსებულ დაკავებას არაფერი აქვს საერთო სამართალთან და ის მთლიანად ასახავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ შურისძიებას.

„იმის მაგივრად, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან დაეწყო პირდაპირი პოლიტიკური დიალოგი, ამ კოლაბორაციულმა ხელისუფლებამ დაიწყო ბოლშევიკური ტერორი. უკვე გამოაცხადეს, რომ დააკავებენ არა "გაერთიანებული ოპოზიციის", არამედ კონსოლიდირებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას. დამიჯერეთ ეს ბოლო დაკავება არ არის, ამას კიდევ ბევრი სხვა დაკავება მოჰყვება. ახლა განწირული ხელისუფლებისთვის, მთავარია ყურადღების გადატანა ძიძგილაობაზე, დაპირისპირებაზე, ერთმანეთის თავპირის მტვრევაზე და არა სასამართლო პროცესზე, სადაც უდანაშაულო ხალხს გაასამართლებენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქის პროტესტს შეუერთდნენ“, - გრიგოლ ვაშაძის სიტყვებით, ნიკა მელიას ქმედებებში არ იყო არანაირი დანაშაული, მის ქმედებებში არ იყო არაფერი, რაც ეწინააღმდეგებოდა მის სტატუსს, როგორც პარლამენტის წევრის.

„ადამიანმა ერთი, რაც თქვა იყო, რომ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება შევიდეს ამ შენობაში, რომელსაც ვინახავთ ჩვენი ფულით“, - განაცხადა ვაშაძემ.

პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის მიერ საგანგებო პრესკონფერენციას ესწრებოდნენ როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი, ისე სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

ნიკა მელია ხვალ არის დაბარებული საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მისთვის ბრალდების წარდგენის მიზნით. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

პროკურატურის თანახმად, „საქართველოს გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით".

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, უკვე აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულისთვის პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.

პარლამენტის ბიურომ განიხილა გენერალური პროკურორის მიმართვა დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით და საკითხი განსახილველად კომიტეტებს გადასცა.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატით გათვალისწინებული იმუნიტეტის შეჩერების შესახებ საკითხს იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტები განიხილავენ. კომიტეტებს განსახილველად 5-დღიანი ვადა აქვს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, კომიტეტების სხდომა საკითხის განსახილველად ხვალვე დაინიშნა.

საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

მაიკ პომპეოს იმედი აქვს, რომ ავღანეთში 1 სექტემბრამდე მიაღწევენ სამშვიდობო შეთანხმებას თალიბანთან

ავღანეთი, 2019 წლის 25 ივნისი: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ქაბულში ვიზიტისას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დღეს მოულოდნელად ეწვია ავღანეთს და გამოთქვა იმედი, რომ 1 სექტემბრამდე დაიდება სამშვიდობო შეთანხმება თალიბანთან.

პომპეო შეხვდა ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანისა და სხვა ოფიციალურ პირებს, ისევე როგორც გენერალ სკოტ მილერს, რომელიც სათავეში უდგას ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ და ავღანეთში აშშ-ის ჯარებს.

პომპეოს თქმით, ვაშინგტონისათვის მთავარი პრიორიტეტია მშვიდობა ავღანეთში.

აშშ-მა გასულ სექტემბერს განაახლა ძალისხმევა თალიბანთან მოლაპარაკების შედეგად ავღანეთში ომისათვის ბოლოს მოსაღებად.

პომპეოს ვიზიტი წინ უსწრებს თალიბანის ლიდერებსა და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების მეშვიდე რაუნდს, რომელიც 29 ივნისს დოჰაში იწყება.

მთავარი განსახილველი საკითხებია აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ჯარების ავღანეთიდან გასვლის გეგმა და გარანტია, რომ თალიბები არ მოაწყობენ თავდასხმებს ავღანეთის მიწაზე.

ნიკა მელია: პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ

„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ნიკა მელიას განცხადებით, მას გააზრებული ჰქონდა, რომ შესაძლოა ივანიშვილთან ბრძოლაში პატიმარი გამხდარიყო. ტელეკომპანია „რუსთავი 2“- თან საუბარში მან განაცხდა, რომ ბრძოლა ამით არ მთავრდება.

„თუ გონიათ, რომ ამ ბრძოლისთვის არ ვიყავი მზად, ძალიან შემცდარა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სპეცრაზმთან ერთად იძინებს შეშინებული. ამით ახლა ბიძინა ივანიშვილი რას მიაღწევს, ჩემს პატიმრობას ვგულისხმობ. რა პანაცეაა? და მოგვარდება და ხალხი გადაიფიქრებს, რომ ბიძინა ივანიშვილს, გახარია და გავრილოვი არის ცუდი?! მარტივად არის საქმე, შეშინებული, აგონიური, დამფრთხალი ხელისუფლების მდგომარეობაა, რომელსაც მიაჩნია, რომ ოპოზიციურმა ლიდერებმა შექმნეს ისტერიული პოლიტიკური ვითარება და გამოვიყენეთ აღელვებული ადამიანების ემოციები საჩვენოდ,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას სიტყვებით, პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში გიჭერენ.თუმცა მას გული სწყდება,რომ ქართული ოცნების მმართველობის ბოლოს შესაძლოა საპატიმროს გარეთ არ იყოს.

"პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ. ბოლო პოლიტიკური პანჩურის ამორტყმის შესაძლებლობა მე რომ არ მექნება, ამაზე მწყდება გული' - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია მიმართავს იმ დეპუტატებს ვისაც მისი იმუნიტეტის მოხსნის საკითზე ხმის მიცემა მოუწევს.

"არ იდარდოთ, თავისუფლად დააჭირეთ იმ ღილაკს იმიტომ, რომ თქვენც ტყვეობაში ხართ ბიძინა ივანიშვილის მმართველობაში," - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია ხვალაა დაბარებული საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მისთვის ბრალდების წარდგენის მიზნით. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

პროკურატურის თანახმად „საქართველოს გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნიკა მელიას 6-დან - 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დონალდ ტრამპი ამ კვირაში ოსაკაში შეხვდება ვლადიმირ პუტინს

ბუენოს-აირესი, 2018 წლის 30 ნოემბერი: აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი (მარჯვნივ) და ვლადიმირ პუტინი "დიდი ოცეულის" სამიტზე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ კვირაში შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. შეხვედრა გაიმართება იაპონიის ქალაქ ოსაკაში, რომელიც „დიდი ოცეულის“ სამიტს უმასპინძლებს.

აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ტრამპი გამართავს რამდენიმე ორმხრივ შეხვედრას უცხოელ ლიდერებთან, მათ შორის საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრესთან და თურქეთის პრეზიდენტთან.

გასულ კვირაში პუტინმა აღიარა, რომ 2014 წლიდან აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციებით რუსეთისთვის მიყენებული ზარალი 50 მილიარდ დოლარს აღწევს.

ირანი: აშშ-ის სანქციები გზას უკეტავს დიპლომატიას

ირანის განცხადებით, აშშ-ის სანქციები ქვეყნის ხელმძღვანელების, მათ შორის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის წინააღმდეგ, წერტილს უსვამს დიპლომატიას და აჩვენებს, რომ ვაშინგტონი „ტყუის“, როცა საუბრობს მოლაპარაკებისათვის მზადყოფნაზე ორ ქვეყანას შორის სამხედრო კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ 26 ივნისს „იდოტური“ უწოდა ხამენეის საწინააღმდეგო სანქციებს, რომელთაც წინა დღეს ხელი მოაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. როჰანის თქმით, ირანის უზენაეს ლიდერს საზღვარგარეთ აქტივები არ გააჩნია.

ახალი სანქციები ითვალისწინებს „ძირითად ფინანსურ რესურსებსა და მხარდაჭერაზე წვდომის“ შეჩერებას ირანის ლიდერისა და მასთან დაახლოებული პირებისთვის.

ტრამპმა დოკუმენტზე ხელის მოწერისას აღნიშნა, რომ ახალი სანქციები არის სასჯელი ბოლო კვირებში ისლამური რესპუბლიკის „პროვოკაციული“ ქმედებებისათვის.

ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნის გამო პარლამენტის ბიუროს სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის ბიურო სხდომაზე მსჯელობენ პროკურატურის მოთხოვნაზე, მიიღოს პარლამენტისგან თანხმობა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ნიკა მელიას დასაპატიმრებლად.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, სავარაუდოდ ბიუროს სხდომაზე გადაწყდება, რომ იურიდიულ საკითხთა და საპროცედურა საკითხთა კომიტეტებს დაევალოს განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე. კომიტეტში განხილვის შემდეგ საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დადგება.

პარლამენტში ვარაუდობენ, რომ განხილვა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე ხვალვე დაიწყება.

ნიკა მელია ხვალაა დაბარებული საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მისთვის ბრალდების წარდგენის მიზნით. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

პროკურატურის თანახმად „საქართველოს გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნიკა მელიას 6-დან - 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ კანონიერად ცნო ნაგავსაყრელის შესახებ რეფერენდუმის აკრძალვა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ კანონიერად ცნო არხანგელსკის ოლქში მდებარე შიესის სადგურზე ნაგავსაყრელის შესახებ რეფერენდუმის აკრძალვა. ამის შესახებ იუწყება რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის კორესპონდენტი.

არხანგელსკის საოლქო სასამართლომ აპრილის ბოლოს უკანონოდ ცნო დეპუტატთა რეგიონული კრების დადგენილება, რომლითაც აიკრძალა რეფერენდუმის ჩატარება მოსკოვიდან ნეგვის შეტანის საკითხზე.

სასამართლომ ადგილობრივ საარჩევნო კომისიას დაავალა საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრირება რეფერენდუმის ჩასატარებლად.

ოლქის მთავრობამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება.

არხანგელსკის საოლქო საბჭოს დეპუტატებმა ორჯერ დაბლოკეს ნაგავსაყრელის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, როცა ფედერალურ კანონმდებლობასთან შეუთავსებლად ცნეს პლებისციტის შეკითხვების ფორმულირება.

რეფერენდუმის წინააღმდეგ აქტიურობდა ადგილობრივი პროკურატურის ხელმძღვანელიც.

არხანგელსკის ოლქში, შიესის სარკინიგზო სადგურზე აშენებენ ნაგავსაყრელ პოლიგონს, რომელიც, ადგილობრივი მოსახლეობის შეფასებით, რეგიონს ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება.

აქტივისტები ორ თვეზე მეტია, აპროტესტებენ მშენებლობას, მორიგეობენ სადგურთან და ხელს უშლიან სამშენებლო ტექნიკის გადაადგილებას.

პროკურატურა პარლამენტს ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით მიმართავს

ნიკა მელია ხვალაა დაბარებული საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მისთვის ბრალდების წარდგენის მიზნით. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, უკვე აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით“,- აცხადებენ პროკურატურაში.


პროკურატურის თანახმად, „საქართველოს გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.
აღნიშული გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. ნიკანორ მელია ხვალ დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მისთვის ბრალდების წარდგენის მიზნით. გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, უკვე აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.


ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად ახორციელებს იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებიც 20-21 ივნისის აქციაზე ახორციელებდნენ აშკარა ძალადობრივ ქმედებებს - ცდილობდნენ პოლიციის კორდონის ძალადობრივი გზით გარღვევას და პარლამენტის შტურმით აღებას, სხვადასხვა საგნებს ესროდნენ სამართალდამცავებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ და ანადგურებდნენ კერძო საკუთრების ობიექტებს. აღნიშნული პირების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე იდენტიფიცირებულია. უახლოეს დღეებში მიღებული იქნება შესაბამისი ზომები მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.


გარდა აღნიშნულისა, როგორც მოგეხსენებათ, აქციის მიმდინარეობისას სხვადასხვა სამართალდარღვევის ჩადენის ბრალდებით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 121 პირს, რომელთა ნაწილი უკვე გათავისუფლდა პატიმრობიდან. ამჟამად პატიმრობაში რჩება 54 პირი.


კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მათი მონაწილეობის ხარისხის გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მათი უმრავლესობის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე დაკავებული 55 პირი გათავისუფლდა

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით 55 პირი გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან. ხოლო ერთი პირი, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუმცირდა განსაზღვრული სახდელი დღეს დატოვებს დროებითი მოთავსების იზოლატორს.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ხატია არდაზიშვილის განცხადებით, საპელაციო საჩივრით 2019 წლის 20-21 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებულმა 61-მა პირმა მიმართა

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 61 პირის სააპელაციო საჩივარი შევიდა, მათგან რიგ შემთხვევებში სასამართლომ ჩათვალა, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, თუმცა, შეამცირა განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელი. ზოგ შემთხვევაში შეწყვიტა საქმის წარმოება, ზოგ შემთხვევაში დაუშვებლად ცნო და განუხილველი დატოვა საჩივარი“.

ხატია არდაზიშვილის თქმით, სასამართომ ყველა საქმეზე იმსჯელა ინდივიდუალურად. ზოგ შემთხვევაში საქმეები გაერთიანდა, მაგრამ სასამართლოს კონკრეტული მტკიცებულებების გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილებები.

დაკავებულთა მიმართ ძირითადი ბრალდება იყო წვრილმანი ხულიგნობა და სამართლადამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.

შსს-ს ინფორმაციით 305 ადამიანი დააკავებს 20-21 ივნისის ღამით პარლამენტის წინ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლის დროს.

რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობას არ გაუუქმებია საქართველოში ჩასვლის გეგმა

თბილისი, 2019 წლის 20 ივნისი: საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის წინ

რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობას უკან არ დაუბრუნებია საქართველოში შემოდგომაზე ჩასასვლელად ნაყიდი ტურები. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის ცნობაზე დაყრდნობით.

ასოციაციაში ამბობენ, რომ, ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად, დაბრუნებულია ტურების მხოლოდ მინიმალური რაოდენობა, ხოლო 8 ივლისის შემდეგი პერიოდისათვის ბევრი ტურისტი ყიდულობს ბილეთებს საქართველოში გადაჯდომით ჩასაფრენად.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ივნისს, საქართველოში საპროტესტო აქციების ფონზე, ხელი მოაწერა ბრძანებულებას 8 ივლისიდან რუსეთის კომპანიებისათვის საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის შესახებ.

ხოლო რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ იმავე დღიდან შეწყდება საქართველოს ავიაკომპანიების რეისები რუსეთში.

ლარის რეკორდი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.8333 ლარია

აშშ დოლარის ღირებულებამ ბოლო წლებში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8333 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8333 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7945 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0388 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2260 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1838 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0422 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 26 ივნისიდან შევა.

საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს საქართველოში დაისვენონ

საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებას და ბანკების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს.

როგორც 25 ივნისს, საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 20 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართული არაერთი მოქალაქე, შესაძლოა, სერიოზულად დააზარალოს.

„ა.წ. 19 ივნისიდან განვითარებულმა მოვლენებმა, შეიძლება ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართული არაერთი ჩვენი მოქალაქე სერიოზულად დააზარალოს, რადგან ბევრ მათგანს აღებული აქვს საბანკო კრედიტი და პრობლემები შეექმნება მის დაფარვაში. ამიტომაც, ვთხოვთ ხელისუფლებას და ბანკების ხელმძღვანელებს, ვიდრე ვითარება შეიცვლება, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს. ამასთან, ვთხოვთ ჩვენს მრევლს, – შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს ამჯობინეთ დასვენება საქართველოში“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, რობერტ ქოჩარიანი ციხეში უნდა დაბრუნდეს

სომხეთი, 2019 წლის 14 ივნისი: რობერტ ქოჩარიანი ერევნის სასამართლოში

სომხეთის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებისა და, კონსტიტუციური წესრიგის დამხობის ბრალდებით, მისი სამართლებრივი დევნის შეჩერების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს 25 ივნისის გადაწყვეტილება მოჰყვა სარჩელს, რომელიც ბრალდების მხარემ შეიტანა მაისში ქოჩარიანის გათავისუფლების შემდეგ.

ქოჩარიანისათვის წაყენებული ბრალდება უკავშირდება 2008 წელს არმიისათვის მიცემულ ბრძანებას, მიემართა ზომებისათვის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგით უკმაყოფილოთა აქციების დასაშლელად. დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი, მათ შორის ორი სამართალდამცველი.

წელს 18 მაისს ერევნის სასამართლომ გამოაცხადა, რომ 64 წლის ქოჩარიანს, რომელიც დეკემბერში დაკავების შემდეგ წინასწარ პატიმრობაში რჩებოდა, შეეძლო დაეტოვებინა იზოლატორი, რახან მას თავდებად დაუდგნენ ყარაბაღელი ოფიციალური პირები.

ორი დღის შემდეგ ერევნის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებაც. სასამართლოს განმარტებით, მან საქმე გადაუგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოს ქოჩარიანის - როგორც კერძო პირის, ან პრეზიდენტის - სტატუსის განსაზღვრის მიზნით.

საქართველომ და უკრაინამ გაასაჩივრეს PACE-ში რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში(PACE) გასაჩივრდა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება.

უკრაინული ინტერნეტგამოცემის, „ევროპეისკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი სტრასბურგიდან იუწყება, რომ შინაარსობრივი საფუძვლით გასაჩივრების ინიციატივა საქართველოს სახელთ წამოაყენა პარლამენტის დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ნინო გოგუაძემ. მან სტრასბურგში, ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას გასაჩივრების საფუძვლად დაასახელა რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და ანექსია და ამ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სისტემატური დარღვევები.

გარდა ამისა, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება პროცედურული საფუძვლით გაასაჩივრა უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ არიევმა. მისი განცხადებით, რუსეთის დელეგაციაში არიან ანექსირებულ ყირიმში უკანონოდ არჩეული დეპუტატებიც.

გასაჩივრებას მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის 50-მდე წარმომადგენელმა.

გასაჩივრებაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პასუხი 26 ივნისს გაირკვევა. ამ სხდომისთვის დარბაზში დროებით დაბრუნდება უკრაინის დელეგაცია, რომელმაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეაჩერა რუსეთის მხარდამჭერი რეზოლუციისადმი პროტესტის ნიშნად.

გვიან ღამით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 118 ხმით 62-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს აძლევს ასამბლეაში სრულფასოვნად დაბრუნების უფლებას. ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის 2014 წელს ჩამორთმეული უფლებების აღდგენის საფუძველი გახდა რეგლამენტში შეტანილი და რეზოლუციაში ასახული ცვლილებები, რომლის ინიციატორი იყო ბელგიელი დეპუტატი, სოციალისტების ჯგუფის წევრი პეტრა დე სუტერი.

ხმა წინააღმდეგ მისცა სტრასბურგში, ასამბლეის სხდომაზე მყოფმა ხუთივე დეპუტატმა საქართველოს პარლამენტიდან - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ნინო გოგუაძემ, ირინა ფრუიძემ და სოფიო ქაცარავამ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, დავით ბაქრაძემ და გიორგი კანდელაკმა.

ირაკლი სესიაშვილმა არაკორექტული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ბოდიში მოიხადა მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო. მისი სიტყვებით 20 ივნისს ვითარების დაძაბვიდან პირველი ორი საათის განმავლობაში “ასამდე პოლიციელი და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი დაშავდა, ისიც ჭყლეტაში”.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, მის განცხადებას ზოგმა მედიასაშუალებამ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა, თუმცა ბოდიში მაინც მოიხადა.

“დღეს განცხადებების დროს მე ვისაუბრე ძალადობის ესკალაციის დაწყების პირველ 2 საათზე. ვისუაბრე, რომ ასი პოლიციელი დაშავდა, ასევე, 14 სამოქალაქო პირი. ზოგიერთმა სააგენტომ სამწუხაროდ გაავრცელა ინფორმაცია და არ მიუთითა, რომ პირველ 2 საათზე ვსაუბრობდი. თუმცა ასევე უნდა ითქვას, რომ ჩემი მხრიდან არაკორექტურლად იქნა ნათქვამი, როდესაც მე ვსაუბრობდი სულ რაღაც 14 ადამიანზე და ამის გამო მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო. ჩემი სურვილი იყო ამ შემთხვევაში ხაზი გამესვა იმ გარემოებისთვის, რომ პოლიცია პირველ 2 საათში შეკავებით ღონისძიებას ახორციელებდა. თოთოეული ჩვენი თანამოქალაქის, პოლიციელის თუ სამოქალაქო პირის, ჯანმრთელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაოდენობას რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არა აქვს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს განაცხადა, რომ 20-21 ივნისის ღამით სამართალდამცავები იძულებული გახდნენ ძალა გამოეყენებინათ.

„პოლიცია ორი საათის განმავლობაში სრული მოთმინებით ძალადობრივი რეაქციის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის ლეგიტიმური და კანონიერი უფლება ჰქონდათ, შეიძლება ვალდებულებაც, იცავდნენ ჩვენს მოქალაქეებს. ორი საათის განმავლობაში ასამდე პოლიციელი დაშავდა და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი, ისიც ჭყლეტაში, ის, რაც შემდგომ დამატებითი ძალის აუცილებლობა დადგა, იყო იძულებითი აუცილებლობა, როდესაც ჩვენი პოლიციელები ორი საათის განმავლობაში მოთმინებით იდგნენ" - აღნიშნაირაკლი სესიაშვილმა.

უკრაინის დელეგაციამ პროტესტის ნიშნად დატოვა PACE-ს სხდომათა დარბაზი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) უკრაინის დელეგაციამ პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომათა დარბაზი, ხოლო პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა „იმედგაცრუება“ PACE-ს გადაწყვეტილებით, აღუდგინოს ხმის უფლება რუსეთს.

ზელენსკიმ 25 ივნისს ფეისბუკში დაწერა, რომ შეეცადა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დაერწმუნებინა, ნუ დააბრუნებდნენ რუსეთს PACE-ში, რადგან მას არ შეუსრულებია მოთხოვნები კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ. სამწუხაროა, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა სხვაგვარად იმოქმედესო, წერს ზელენსკი.

ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის წარმომადგენელი 190 დელეგატიდან მხოლოდ 62-მა მისცა ხმა რუსეთისათვის ხმის უფლების აღდგენის წინააღმდეგ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება 2014 წლის აპრილში, ყირიმის ანექსიის გამო ჩამოართვა.

დავით ბაქრაძე: სამარცხვინოა გადაწყვეტილება, რომელიც ევროსაბჭომ რუსეთთან დაკავშირებით მიიღო

„ევროპული საქართველოს“ ლიდერს, დავით ბაქრაძეს, სამარცხვინოდ მიაჩნია გადაწყვეტილება, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რუსეთის ასამბლეაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დარჩება შავ ლაქად ამ ორგანიზაციის რეპუტაციაზე და მის სანდოობაზე.

„ჩვენ, რამდენიმე სხვა დელეგაციასთან ერთად, დღეს ვეცადეთ უკვე, რომ საპროცედურო ბერკეტების გამოყენებით, პროცედურული ომით შეგვეფერხებინა რუსეთის დელეგაციის შემოსვლა სხდომათა დარბაზში, თუმცა სამწუხაროდ, პრინციპული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და პროცედურული ბრძოლით ამას ვეღარ შევცვლით, ამიტომ ერთადერთი, რაც ჩვენ გვრჩებოდა იყო ის, რომ გამოგვეყენებინა პროცედურული ბერკეტები და რუსეთის დელეგაციის შემოსვლის შემდეგ, დაგვეტოვებინა დარბაზი. ჩვენ დავტოვეთ დარბაზი, რადგან ჩემთვის მორალურად მიუღებელია რუსული დელეგაციის ტრიუმფით დაბრუნება იმ დროს, როდესაც რუსეთი აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას, როდესაც რუსეთი აგრძელებს ყირიმის ანექსიას, როდესაც რუსეთი აგრძელებს ადამიანების გატაცებას, წამებას და მკვლელობას, როგორც ეს იყო ოთხოზორიას, ტატუნაშვილის და სხვა შემთხვევებში. ჩემთვის მიუღებელია იმ დარბაზში რუსეთის ტაშის დაკვრით დაბრუნება მაშინ, როდესაც რუსეთი იღებს ახალ ეკონომიკურ სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ.

ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას უკრაინასთან, ბალტიის ქვეყნებთან, აღმოსავლეთ ევროპასთან და ყველა იმ დეპუტატთან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ევროსაბჭოში აგრესორის და ოკუპანტის დაშვება, ეს არის ამ ორგანიზაციის მორალური დაკნინება და იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში შევძლებთ ისეთი რეზოლუციისა და დოკუმენტის მიღებას, რომელშიც კიდევ ერთხელ იქნება დაგმობილი რუსეთის უკანონო ქმედებები“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციამ სრული შემადგენლობით არ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც რუსეთს უბრუნებს ყირიმის ანექსიის გამო ჩამორთმეულ უფლებებს.

ხმა წინააღმდეგ მისცა სტრასბურგში, ასამბლეის სხდომაზე მყოფმა ხუთივე დეპუტატმა საქართველოს პარლამენტიდან - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ნინო გოგუაძემ, ირინა ფრუიძემ და სოფიო ქაცარავამ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, დავით ბაქრაძემ და გიორგი კანდელაკმა.

გვიან ღამით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 118 ხმით 62-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს აძლევს ასამბლეაში დაბრუნების უფლებას.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება 2014 წლის აპრილში, ყირიმის ანექსიის გამო ჩამოართვა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG