„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის რომან გოცირიძის შეფასებით, არჩევნებამდე ხელისუფლება ლარის კურსის „ხელოვნურად დაჭერას“ ცდილობდა.
„მერამდენეჯერ მეორდება ერთი და იგივე სურათი. არჩევნების დამთავრებისთანავე ლარის კურსი მკვეთრად ეცემა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლება, მთავრობა და ეროვნული ბანკი წინასწარ, წინასაარჩევნოდ ყველა მეთოდით ცდილობენ, მათ შორის ბანკებზე ზემოქმედების გზით ლარის კურსის ხელოვნურად დაჭერას“ - განაცხადა რომან გიცირიძემ.
მისივე თქმით, „სასწრაფოდ უნდა გადაიხედოს ქვეყნის ბიუჯეტი, რომელიც იხარჯება არარაციონალურად, იფლანგება და იპარავენ უამრავ ფულს.“
დღეს, ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებით ერთბაშად გაუფასურდა სულ მცირე სამი თეთრით და 2.77-დან 2.80-მდე მერყეობს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში. კომერციულ ბანკებში ამერიკული დოლარის ფასი 2 ლარს და 80 თეთრს აჭარბებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ამ დროისთვის მოქმედი კურსი 2.7470-ია. 22 მაისისთვის ოფიციალურ კურსს ეროვნული ბანკი საღამოს 5 საათისთვის დაადგენს.