საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გარიგებულ მატჩებში მონაწილე ფეხბურთელების უმკაცრესად დასჯას აპირებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სპორტსმენების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით კობიაშვილმა დღეს, საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
„არავინ გაბედოს ამ ფეხბურთელების დაცვა. ყველას დავუპირისპირდები. ისინი რასაც იმსახურებენ, იმას მიიღებენ. ამის გარანტიას მე ვიძლევი. მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვაპირებ იმ კომენტარის გაკეთებას, რომ დაველოდებით გამოძიების შედეგებს. ჩემთვის გამოძიება დაწყებულიცაა და დასრულებულიც. ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი აუცილებლად იმსჯელებს ამ საკითხზე და მიიღებს უმკაცრეს ზომებს, როგორც კონკრეტული პიროვნებების მიმართ, ასევე, არ არის გამორიცხული, კლუბების მიმართაც. ჩვენთვის ამ ადამიანების ფეხბურთი დასრულებულია“ – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
ფედერაციის პრეზიდენტისვე სიტყვებით, უახლოეს პერიოდში გაიმართება ფედერაციის სადისციპლინო სხდომა, რომელზეც სავარაუდოდ, სხვა ფეხბურთელებისა და კლუბების სახელებიც გაჟღერდება, რომლებთანაც საეჭვო მატჩებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები იკვეთება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე რვა მოქმედი და სამი ვეტერანი ფეხბურთელი დააკავა. მათ უკვე ბრალიც წარუდგინეს. გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრის მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.