Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია რაულ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვს


ოპოზიციის მიტინგი სოხუმში

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ოპოზიციის მიერ შექმნილმა „სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთო ეროვნულმა მოძრაობამ“ გაავრცელა მიმართვა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის უვადო აქციის დაწყების და აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

ოპოზიციის შტაბი ირწმუნება, რომ ეს არის „ხალხის პასუხისმგებლიანი და საღად მოაზროვნე წარმომადგენლების იძულებითი ზომა, რომლის მიზანია აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების დაცვა უპასუხისმგებლო, მატყუარა და კორუფციაში ჩაფლული მოქმედი ხელისუფლების განუკითხაობისგან.“

ოპოზიცია აცხადებს, რომ თავისუფლება საფრთხეშია.

„სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთო ეროვნული მოძრაობა“ აღნიშნავს, რომ ყველა ოპოზიციური ძალის საერთო კანდიდატის, ასლან ბჟანიას მოწამვლის გამო, 20 მაისს სოხუმში ჩატარდა მიტინგი, რომლის მონაწილეებმა პარლამენტს მიმართეს ბჟანიას გამოჯანმრთელებამდე გადადებულიყო 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა, რაულ ხაჯიმბას ზეწოლით, პარლამენტმა უარი თქვა არჩევნების 23 ნოემბრისთვის გადატანაზე.

ოპოზიციის განცხადებითვე, ხაჯიმბამ უარი თქვა თანამოქალაქეებთან დიალოგზეც და პარლამენტის შენობასთან „ცოცხალ ფარად“ გამოიყენა მილიცია, უშიშროების სამსახური, საკუთარი თანამოაზრეები და მათი ოჯახის წევრები, რამაც კონფლიქტური სიტუაცია შექმნა.

„მოსახლეობის არჩევანის თავისუფლების დასაცავად მოვითხოვთ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომას, თავისუფალ არჩევნებს და პატიოსან კონკურენციას და ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ მოთმინება და ურთიერთპატივისცემა“ - ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიცია მიმართავს სამართალდამცავებს, დადგნენ ხალხის გვერდით, ხელი არ შეუშალონ თავისუფალი ნების გამოხატვას და იმოქმედონ მხოლოდ მოქალაქეების დასაცავად.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG