Accessibility links

თავდაცვის მინისტრი პერსპექტივაში ამერიკული ბაზების საქართველოში არსებობას მიესალმება


თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ატლანტიკურ საბჭოში

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პერსპექტივაში ამერიკული ბაზების საქართველოში არსებობას მხოლოდ მიესალმება - ამის შესახებ მან „ამერიკის ხმას“ განუცხადა აშშ-ში ვიზიტის დროს.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა თავი შეიკავა საქართველოს პრეზიდენტის პოზიციის შეფასებისგან. რამდენიმე კვირის წინ, სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ “არ ჰგონია რეკომენდებული იყოს” საქართველოში ამერიკული ბაზების მშენებლობა.

აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას ლევან იზორიამ განაცხადა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი წარმატებებით მიმდინარეობს და ამ წლის ბოლოს გაფორმდება სამწლიანი ჩარჩო-ხელშეკრულება, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს სამხედრო სფეროში თანამშრომლობას.

ვაშინგტონში ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს პოლიტიკის საკითხებში, ჯონ რუდს და ატლანტიკურ საბჭოში მრგვალი მაგიდის ფორმატით დისკუსია გამართა ევრაზიის რეგიონის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან. დღის წესრიგში იყო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები.

თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა სანაპირო დაცვის აკადემიაში, რომელიც წელს ორმა ქართველმა კადეტმა დაამთავრა. მათ დიპლომები გადასცეს ლევან იზორიამ და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა.

თავდაცვის მინისტრმა აკადემიის ეზოში გვირგვინით შეამკო ორი ქართველი კადეტის მემორიალი. აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის კურსანტები სოსო მაკარიძე და ბესიკ გორჯოლაძე 2015 წელს, ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG