Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი: ირანი არ დაემორჩილება აშშ-ის ზეწოლას, თუნდაც დაბომბონ


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ დაემორჩილება აშშ-ის ზეწოლას, თუნდაც დაბომბონ. განცხადება გაკეთდა ირანსა და აშშ-ს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე.

როჰანიმ ეს განაცხადა 23 მაისს, როცა ირანის უზენაესი სამხედრო მეთაური, გენერალი მოჰამად ბაგერი გამოვიდა სიტყვით და თქვა, რომ ნებისმიერი მტრის „ავანტიურას“ გამანადგურებელი პასუხს გავცემთო.

ირანმა 23 მაისს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ-თან არ მოილაპარაკებს „არავითარ შემთხვევაში“ და გააფრთხილა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებაზე ხელის მომწერი სახელმწიფოები, შეასრულონ მათი ვალდებულებები, სანამ თეირანის მოთმინება არ ამოწურულა.

„სანამ ჩვენი ქვეყნის უფლებები არ არის დაცული, სანამ სიტყვებს საქმე არ მოჰყვება, ჩვენი კურსი იგივე დარჩება, როგორც დღეს“, თქვა ქეივან ხოსრავიმ, სახელმწიფო უშიშროების უზენაესი საბჭოს წარმომადგენელმა 23 მაისს, იტყობინება სააგენტო ირნა. "მოლაპარაკება არავითარ შემთხვევაში არ გაიმართება“, თქვა ხოსრავიმ.

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა გაფუჭდა მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დატოვა ბირთვული შეთანხმება, რომელიც 2015 წელს გაფორმდა ირანსა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის. მის თანახმად, ირანს უნდა შეეზღუდა ბირთვული პროგრამა და ამის სანაცვლოთ, დასავლეთს უნდა გაეუქმებინა სანქციები ირანის მიმართ. მას მერე აშშ-მა გააძლიერა თავისი რიტორიკა და დაუწესა ახალი სანქციები თეირანს.

ბირთვული შეთანხმების ევროპელი მონაწილეები, ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი, ცდილობდნენ შეთანხმების შენარჩუნებას, მაგრამ თეირანი ჩივის ამ პროცესის ძალიან ნელ სიჩქარის გამო. მათ გარდა შეთანხმებას ხელი მოაწერეს რუსეთმა და ჩინეთმა.

ამ თვეში ირანმა გამოაცხადა, რომ შეთანხმების ზოგიერთ პირობაზე უარს ამბობს და დაიმუქრა, რომ ურანის გამდიდრებას გააძლიერებს, თუ ევროპის ქვეყნები არ დაიცავენ მას აშშ-ის სანქციების გავლენისგან. აშშ-მა ამ დროს გაზარდა თავისი სამხედრო ყოფნა ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში, რაც ახსნა ირანის მხრიდან მომდინარე რეალური საფრთხით. ამას ირანთან შესაძლო სამხედრო კონფლიქტის გამო შეშფოთება მოჰყვა. ირანი უარყოფს ბრალედებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ 23 მაისს ვაშინგტონს ბრალად დასდო, რომ ცდილობს ირანის პროვოცირებას „პირდაპირ კონფრონტაციისკენ“ სანქციების დაწესებით, სამხედრო ზეწოლით და აგრესიული რიტორიკის გამოყენებით“.

ზახაროვამ ეს განაცხადა როიტერსის მიერ ცნობის გავრცელების შემდეგ, რომ პენტაგონი განიხილავს ახლო აღმოსავლეთში ხუთი ათასი სამხედროს გაგზავნის შესაძლებლობას. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შენეჰენმა დაადასტურა, რომ პენტაგონი განიხილავს დამატებითი ჯარის გაგზავნას რეგიონში უკვე განთავსებული ძალების მხარდასაჭერად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG