Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში ოფიციალური შეხვედრები დაიწყო


ჩინეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ვან ი და დავით ზალკალიანი
ჩინეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ვან ი და დავით ზალკალიანი

დღეს, 24 მაისს თბილისში გაიმართა საქართველოს და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, დავით ზალკალიანის და ვან ის შეხვედრა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი, საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით 23 მაისს, ღამით ჩამოვიდა.

მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, თანამშრომლობის განვითარება „სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის ფარგლებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობა.

დავით ზალკალიანმა ვან ის ვიზიტს ისტორიული უწოდა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ოფიციალური ვიზიტი ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას და მნიშვნელობას, რომელსაც ჩინეთი საქართველოს ანიჭებს. ზალკალიანის შეფასებით, ორი ქვეყნის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და მინისტრის ვიზიტი მნიშვნელოვანი წვლილს შეიტანს ამ ურთიერთობების გაღრმავებაში.

„ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ჩინეთს, როგორც ქვეყანას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო თანამეგობრობაში, საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე სისტემაში და ჩვენი თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში სამაგალითოა" - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა მზად არის კიდევ უფრო განავითაროს საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობები. ვან ის განცხადებით, ჩინეთი პატივს სცემს საქართველოსა და სხვა ქვეყნების დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ყოველთვის მოხარულია, როცა ქვეყნები ცდილობენ გაყვნენ განვითარების გზას ხალხის საჭიროებების გათვალისწინებით.

„გვაქვს მტკიცე პოზიცია, რომ ყველა ქვეყანა თანასწორია, მიუხედავად მათი სიდიდისა“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვან იმ აღნიშნა, რომ საქართველოში მისი ოფიციალური ვიზიტი ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების შესწავლას და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის განვითარებას. „კერძოდ, როგორ უნდა განვსაზღვროთ თანამშრომლობის ახალი სფეროები, საგზაო ინიციატივები, როგორ უნდა მოვუტანოთ უფრო მეტი სარგებელი ხალხს და ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და განვითარებას სამხრეთ კავკასიაში, რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვან იმ საქართველოს მიულოცა მოახლოებული დამოუკიდებლობის დღე.

ოფიციალური ვიზიტისას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG