Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი ბათუმელი სტუდენტი გოგონას მიმართ ბულინგის საფრთხეს ხედავს


ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდა დისციპლინური კომისიის დახურული სხდომა, რომელზეც განიხილეს მეორე კურსის სტუდენტი გოგონას განცხადება პროფესორის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ.

სხდომას ესწრებოდა თავად სტუდენტი, რომელმაც მედიასთან ურთიერთობაზე უარი თქვა. იურიდიული ფაკულტეტის მეორეკურსელმა უარი თქვა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატზეც, რომელიც მანამდე მის ინტერესებს იცავდა საგამოძიებო ორგანოებში გამოკითხვის დროს.

გოგონას ახალი ადვოკატი ზაზა პაპიძეა. მისი განცხადებით, სტუდენტის ინტერესების დაცვას დღეიდან შუდგა. სადისციპლინო კომისიის სხდომა პაპიძის მოთხოვნით დაიხურა. ადვოკატის განმარტებით, გოგონა არ უნდა გახდეს ბულინგის მსხვერპლი, რისი ნიშნებიც უკვე არსებობს.

სტუდენტის მხარემ დისციპლინურ კომისიას მტკიცებულებები წარუდგინა. კომისიის თავმჯდომარის ანზორ ბერიძის ინფორმაციით, საუბარია მანამდე მედიით გავრცელებულ მასალებზე. კერძოდ, 19 წლის სტუდენტთან პროფესორის სავარუდო მიმოწერაზე და ინტიმურ ფოტოებზე, რომლებსაც გოგონას თქმით, ლექტორი უგზავნიდა და ასეთივე ფოტოებს თხოვდა.

ბათუმის რექტორის ბრძანებით შექმნილი დისციპლინური კომისია, რომელშიც 2 სტუდენტი და 5 პროფესორია, 30 მაისამდე გამოკითხავს სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ პროფესორს.

კომისია გამოკითხავს სხვა სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებსაც, რომლებსაც შესაძლოა, საქმესთან კავშირის მქონე ინფორმაცია ჰქონდეთ.

პროფესორი, რომელსაც სტუდენტი გოგონა სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ომარ მახარაძეა. მან 23 მაისს, ტელეკომპანია TV 25-თან საუბრისას სტუდენტის ბრალდება უარყო.

რადიო თავისუფლებას საკრებულოს პრესსამსახურში უთხრეს, რომ მახარაძე ამჟამად უკრაინაში იმყოფება, ბათუმში 28 მაისს დაბრუნდება და განცხადებას გააკეთებს.

სექსუალური შევიწროების შესახებ სტუდენტის განცხადების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, იძულების მუხლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG