Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანისა და ინდოეთის ლიდერებმა პირველად ისაუბრეს სამხედრო კონფრონტაციის საფრთხის შემდეგ


პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იმრან ხარნმა ინდოეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა თავის კოლეგას, ნარენდრა მოდის.

ეს იყო ორი ქვეყნის ლიდერების პირველი საუბარი წელს სამხედრო კონფრონტაციის საფრთხეში გადაზრდილი დაძაბულობის შემდეგ.

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს 26 მაისის განცხადებით, ხანმა კვლავ ილაპარაკა თავის „ხედვაზე სამხრეთ აზიაში მშვიდობის, პროგრესისა და კეთილდღეობის“ შესახებ და გამოთქვა იმედი, რომ პრემიერ-მინისტრ მოდისთან ითანამშრომლებს ამ მიზნების მისაღწევად.

ხოლო ინდოეთის საგარეო უწყების თანახმად, მოდიმ აღნიშნა, რომ ნდობით სავსე გარემო და "ძალადობისა და ტერორიზმისაგან თავისუფალი გარემო" არის არსებითი მნიშვნელობის ფაქტორები რეგიონში მშვიდობის, პროგრესისა და კეთილდღეობისათვის.

ბირთვული იარაღით აღჭურვილ ორ მეზობელს შორის დაძაბულობა თებერვალში გამწვავდა. პაკისტანში დაფუძნებული ექსტრემისტული ჯგუფის თავდასხმამ ქაშმირის რეგიონში შეიწირა, სულ ცოტა, 40 ინდოელი პოლიციელი, რასაც მოჰყვა ინდოეთის ავიადარტყმები პაკისტანის ტერიტორიაზე.

დელი დიდი ხანია ადანაშაულებს პაკისტანს ქაშმირში ექსტრემისტების დახმარებაში, რასაც ისლამაბადი უარყოფს.

1947 წელს ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ინდოეთმა და პაკისტანმა სამჯერ იომეს.

XS
SM
MD
LG